Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა რიცხვებს ეყრდნობა შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა რიცხვებისა და ინდიკატორების ერთობლიობით განისაზღვრება შეზღუდვების დაწესება და მისი შემსუბუქება.

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის მაჩვენებელი დადებითი დინამიკა ქვეყანაში გრძელდება.

„დღევანდელი დილის დადებითობის მაჩვენებელი (ტესტირების საფუძველზე გამოვლენილი დადებითი შემთხვევები) 5,8 %-ია, უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში ეს დადებითობის მაჩვენებელი მერყეობს 4-სა და 6%-ს შორის. ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 6%-ია, ანუ ამასაც კლების დინამიკა აქვს. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, რამდენად მდგრადია დინამიკა დადებითობისა. ბოლო 14 დღეში არის 7,1 %. იანვარი მთლიანად 8,7% და 30 დღეში 9,4 %“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი სიტყვებით, ინფიცირებულთა 47% მოდის 30-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებზე. ამასთან, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პროფესიულ ჯგუფებში დადებითობის მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:

„მძღოლებში გვაქვს 0,6 %, სულ გატესტილია 12 ათასამდე ტაქსის მძღოლი, 7 ათასამდე ბაზრის მოვაჭრე და გვაქვს 0,8 % და რელიგიის მსახურებში 5400-მდეა გატესტილი და გვაქვს 1,4 % დადებითობის მაჩვენებელი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციისკენ მიუთითებს ასევე ინციდენტობის კოეფიციენტი, ანუ 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა.

ბოლო 7 დღის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი და ტესტირების საფუძველზე არსებული დადებითობის მაჩვენებელიც იკლებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, კლების საუკეთესო მაჩვენებელი აჭარაშია, 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების საფუძველზე დადებითობის მაჩვენებელი 1%-ზეა ჩამოსული, 7 დღის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი 3% იყო.

„რაც საშუალებას გვაძლებს, აჭარაში უფრო მეტი სითამამით იქნეს გარკვეული შემსუბუქებები და ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, საერთაშორისო განსაზღვრებით, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება რეგიონებსა და მთლიანად ქვეყანაში, შესაძლებელია, „ქვეყანაში თანდათანობითი შემსუბუქების პოლიტიკა იყოს აქტიური“, თუმცა ეს არ განიხილება 1 დღის ჭრილში - სტაბილურობა უნდა ნარჩუნდებოდეს 14 დღის განმავლობაში.

ამასთან, ამირან გამყრელიძის სიტყვებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და ჯანდაცვის სისტემის შეფასებისას არასოდეს გამოიყენება 1 ინდიკატორი, საუბარია მრავალინდიკატორულ შეფასებაზე.

„[დადებითობის მაჩვენებელი] 4% ეს ერთი ინდიკატორია, მეორე არის ინციდენტობა, ანუ 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევები. შემდეგია, როგორი გვაქვს ჰოსპიტალური დატვირთვა, როგორია ინტენსიურში და რეანიმაციაში ადამიანთა რაოდენობა და მისი დინამიკა, რამდენი თავისუფალი საწოლი გაქვს, ეს და კიდევ მრავალი ერთად ფასდება, რომლის მიხედვითად გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ და დაამატა, რომ ისეთი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, რომ შემთხვევების რაოდენობამ მოიმატოს და ხელახალი შეზღუდვების შემოღება გახდეს საჭირო.

„დავდივართ დანის პირზე და ოქროს შუალედი უნდა იქნეს ნანახი ყოველთვის, ერთი მხრივ, ადამიანების ჯანმრთელობა და ნაკლები წნეხი ბიზნესზე“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ აუცილებელია ეპიდსიტუაციის დასტაბილურება იმისთვის, რომ ყველა ქალაქში ამუშავდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სკოლები გაიხსნას. მისი თქმით, ამ საკითხზე საუბარი შეიძლება მას შემდეგ, რაც ჩატარებული ტესტებიდან გამოვლენილი დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი არ იქნება.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 22 იანვარს დაამტკიცა ნოემბრის ბოლოდან მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა, რომლის თანახმად, 1 თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების და მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, თუმცა ამ ქალაქებში 1 მარტამდე გადაიდო სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება. 1 მარტამდე საქართველოში ისევ აკრძალული იქნება გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე. ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვაც, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე და ისევ არ იმუშავებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

ბოლო დღეებში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით.

ბოლო 24 საათში ჩატარებული 17 349 ტესტით კორონავირუსით ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

XS
SM
MD
LG