ყველას გვინახავს ნაგვის ბუნკერებში თავით ჩაყუდებული ადამიანები: ბავშვები, ზრდასრულები, მოხუცები, რომლებიც სულისშემძვრელი გულმოდგინებით იქექებიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.
თუ ვერ ვამჩნევთ ამ ხალხს? არც ეს იქნება გასაკვირი, რადგან სხვის ჭირს იოლად ეჩვევა ადამიანის თვალი. იქნებ, უარესი გვჭირს? იქნებ, ზურაბ ლეჟავას ერთი მოთხრობის პერსონაჟად, მოლაპარაკე ნაგაზად ვიქეცით და ერთმანეთისგან ვეღარ გაგვირჩევია ნაგავი და ნაგავში ჩაყუდებული ადამიანი?
რას იმსახურებენ პოლიტიკოსები, რომლებმაც ქვეყანა, მისი მოქალაქეები ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს?
კარგს არაფერს (არ ვიტყვი, ნაგავსო).
ქართველი პოლიტიკოსები, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის, მისი ისტორიის, მისი ხალხისა და მომავლის წინაშე.
რაც საქართველოს სჭირს, არც ცალკე აღებული გამსახურდიას, არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის ბრალია. ყველა, ვინც პოლიტიკოსი დაირქვა, ვინც პარტიაში შევიდა, პარტია შექმნა, პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. პასუხისმგებელია იმაზე, თუ როგორ მართა ან როგორ ვერ მართა ქვეყანა; როგორ ვერ დათმო ან ვერ მოიპოვა ძალაუფლება; როგორ გაფლანგა მხარდაჭერა ან როგორი ოპონირება გასწია ოპოზიციაში ყოფნისას, როგორი ფუჭი იმედებით აავსო ამომრჩეველი ან ვერ დაარწმუნა ხალხი თავისი არგუმენტების სისწორეში, როგორ უღალატა პრინციპებს და ა.შ. - ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა - ზოგს შესაძლოა სისხლის სამართლისაც, ზოგს - მორალური, თუმცა ქართული პოლიტიკური კულტურა ისეთია, რომ მხოლოდ სუსტს და/ან მხოლოდ პოლიტიკური მიკერძოებით თუ მოსთხოვს პასუხს...
ირაკლი ჩავლეიშვილიც (ოპოზიციონერი დეპუტატი ვისაც თავზე ნაგავი დააყარეს აქტივისტებმა) რომ ყოფილიყო მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი, მინისტრი ან სხვა რომელიმე მაღალი თანამდებობის მქონე პირი, ალბათ იოლად გადაურჩებოდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების წვიმას, რომელიც, იმ აქტივისტის და სხვათა აზრით, დაიმსახურა მას შემდეგ, რაც, ოპოზიციის რიგებიდან ერთადერთმა, უარი არ თქვა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატზე და ამით პატივი არ სცა მის ამომრჩეველს და ოპოზიციის ერთიანობას.
დამეთანხმეთ, თავზენაგავდაყრილი ქართველი მინისტრის წარმოდგენა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე პოზიციაშეცვლილი ოპოზიციონერისა. ცალკე ამბავია შერჩევითი სამართალი „ყველაგან და ყველაფერში“: როცა სამოქალაქო აქტივისტს (გიგა მაქარაშვილს) ნაგვის ურნას თავზე ამხობს მავანი სახელმწიფო მოხელე, დღეები სჭირდება აქტივისტის დაზარალებულად ცნობას, ხოლო, როცა იგივეს აკეთებს ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტი - მის საქციელი უმალ სისხლის სამართლის დანაშულია.
საზოგადოება შეიძლება ვერასოდეს შეთანხმდეს იმაზე, კარგია თუ ცუდი (მისაღებია თუ მიუღებელი), როცა პოლიტიკოსს ამ ფორმით - თავზე ნაგვის დაყრით უგზავნიან „მესიჯს“ ან სთხოვენ პასუხს, მაგრამ უთუოდ ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თავზე ნაგვის დაყრა საყურადღებო, „არგასატარებელი“ ამბავია, რომელსაც თვალის გასწორება და მსჯელობა სჭირდება.
ბევრი წლის წინ დღეისათვის სამაგალითო ევროპის ქალაქებში მიღებული იყო ღამის განმავლობაში ნაგროვები ფიზიოლოგიური და სხვა სახის ნარჩენების პირდაპირ ფანჯრიდან გადაყრა-გადაღვრა, რის გამოც თურმე ქუჩები აუტანლად ყარდა. პარიზში ბრძანებაც კი გამოუციათ, რომელიც მოქალაქეებს ფანჯრებიდან სიბინძურის გადაღვრას უკრძალავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ბრძანება არ სრულდებოდა, რადგან წლების შემდეგ ისევ საჭირო გამხდარა ისეთი კანონის გამოცემა, რომელიც აკრძალავდა გაფრთხილების გარეშე ზედა სართულებიდან ნარჩენების გადაყრას: ვიდრე ურნას დაცლიდა, მოქალაქეს სამჯერ უნდა უნდა დაეძახა: Gare I’eau! (ფრთხილად წყალია!)
ცხადია, თუ ვინმეს შერცხვენა უნდოდათ ან ვინმეს ჯინი სჭირდათ, თავს არავინ შეიწუხებდა ყვირილით და გაფრთხილების გარეშე დააცლიდნენ თავზე მთელ სიბინძურეს.
ახლა ასეთი რამ აღარ ხდება, პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანები ერთმანეთს თავზე არ ასაქმებენ, თუმცა სოციალური ქსელები სავსეა ვიდეოებით, რომლებშიც სამაგალითო დემოკრატიული ქვეყნების პრემიერ-მინისტრებს, მინისტრებს, დეპუტატებს, მერებს, პარტიების ლიდერებს და ა.შ. სახეში "აზელენ" ტორტის ნაჭრებს, ესვრიან ლაყე კვერცხებსა და დამპალ პომიდვრებს, თავზე ასხამენ საღებავებს. პასუხად თავდასხმის ობიექტთა ნაწილი ბრაზდება, ნაწილი საცემრად იწევს „აგრესორზე“, ნაწილი მშვიდად იღებს ამგვარ „უკუკავშირს ამომრჩეველთან“, ნაწილი კი საერთოდაც იცინის სიმწრის სიცილით.
პროტესტის ბევრად ძალადობრივი ფორმებიც არსებობდა. ალბათ, ბევრს გსმენიათ პრაღის დეფენესტრაციების (დეფენესტრაცია - ფანჯრიდან გადავარდნა, fеnеstrа – ლათ. ფანჯარა) შესახებ: საუკუნეების წინ უკმაყოფილო პრაღელებმა ძველი რატუშის ფანჯრებიდან გადაყარეს მაგისტრატის რამდენიმე წევრი, რითაც სათავე დაუდეს საყოველთაო მღელვარებას, რაც მოგვიანებით „ჰუსისტების ომში” გადაიზარდა; წლების შემდეგ კვლავ რატუშის ფანჯრებიდან მოისროლეს მეფის მოხელეები, რომლებსაც არ სურდათ პრაღელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. მოხელეებს არაფერი მოსვლიათ, რადგან, ბედად, ნეხვის ზვინები დახვდათ ქვემოთ...
როცა პოლიტიკოსი ხარ, როცა შენი დაჟინებული მოთხოვნით მოქალაქეებმა ქვეყნის, მთელი ერის ან მისი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწილის ბედი განდეს, მზად უნდა იყო უკუკავშირისთვისაც, რომ შენი საქციელის გამო შეიძლება ვიღაცამ დაგისტვინოს, ლაყე კვერცხი, დამპალი პომიდორი გესროლოს ანდა, ბევრისთვის ასე მოუღებელი აქტი ჩიდინოს- ნაგვის ურნა დაგაცალოს თავზე. ისიც, ცხადია, რომ შეიძლება ამას იმსახურებდე ან არ იმსახურებდე. თუ იმსახურებ, საზოგადოება ტაშს დაუკრავს თამამ აქტივისტს თუ არ იმსახურებ, საზოგადოებრივი აზრი უთუოდ გაკიცხავს მას და, შესაბამისად, შეილახება მისი ღირსება და არა - შენი.
საერთოდაც, მჯერა, რომ პოლიტიკოსებს შეუძლიათ თავი დააღწიონ ამგვარ „ბინძურ უხერხულობას“, თუკი დღენიადაგ იფიქრებენ ამომრჩეველზე, არ გაწყვეტენ მასთან კავშირს, მას შეუთანხმებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და არ გატეხენ სიტყვას, არ გაუცრუებენ მოლოდინს, არ გადააგდებენ ანუ, ერთი სიტყვით, იფიქრებენ მისთვის გამზადებულ პოტენციურ "ნაგავზე", რომელიც არ უნდა დაიმსახურონ, არ უნდა გამოიმუშაონ, და მუდამ ახსოვდეთ: პოლიტიკა, რომელიც მათი სამსახური და შემოსავლის წყაროა, ათასობით ადამიანს აცხოვრებს ნაგავში.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.