Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ივერი მელაშვილს დაკავებამდე სამუშაო ოთახში ფარულად უსმენდა


საქართველოს პროკურატურა "კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებულ ივერი მელაშვილს დაკავებამდე საკუთარ სამუშაო ოთახში უსმენდა. სწორედ ეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არის ერთ-ერთი მთავარი სამხილი, რომელითაც პროკურატურა ცდილობს დაკავებულებს ბრალი დაუმტკიცოს. უწყება განმარტავს, რომ ჩანაწერები სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაწერეს.

საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, აუდიო-ვიდეო ჩანაწერში, რომელიც მათ ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში ჩაწერეს, დასტურდება, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ შეთანხმდა. საუბარი მელაშვილსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორისა და კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს,მალხაზ მიქელაძეს შორის დიალოგს ასახავს.

"ფარულ ჩანაწერში ბრალდებული ივერი მელაშვილი ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას, დავით გარეჯის მიმდებარედ, ქართულმა მხარემ უარყო საქართველოს თავდაპირველი პოზიცია, რაც საზღვრის უდაბნოს მთის ძირში გატარებას გულისხმობდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. მან, მიღებული დავალების შესაბამისად, თავდაპირველი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მონაკვეთი შეათანხმა უდაბნოს მთის თხემზე.

ბრალდებული საუბარში ასევე აცხადებს, რომ იგი წინააღმდეგი იყო დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მოცემული მდგომარეობით შეთანხმებაზე, მას არ მიაჩნდა სწორედ აღნიშნული, თუმცა მიუხედავად ამისა, ივერი მელაშვილი ხელს აწერს შეთანხმების ოქმს, რის შედეგადაც დასახელებული მონაკვეთი ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა", - განაცხადა პროკურორმა.

პროკურატურის ვერსიით, დავით გარეჯის მიმდებარედ არსებული მონაკვეთის მსგავსად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა, მე-17 სარწყავი არხის მონაკვეთი და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებული მონაკვეთი.

"ბრალდებულის საუბრით ასევე დასტურდება, რომ მათი როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. კერძოდ, ი.მ. საუბრობს, რომ ქართველი ექსპერტები, მუშაობის პროცესში მეტწილად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ აზერბაიჯანის პოზიციას. ქართული მხარისგან განსხვავებით, აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოსთვის ტერიტორია არ დაუთმია", - თქვა პროკურორმა და ფარულად ჩაწერილი ვიდეომასალა აჩვენა ჟურნალისტებს.

ჩანაწერის მიხედვით, მიქელაძე მელაშვილს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით კითხვებს უსვამს.

"ეს აუდიო-ვიდეო მასალა დამზადებულია 28 სექტემბერს. ამ ეტაპიდან ეს მასალა საიდუმლოების რეჟიმის ქვეშ იყო. ბუნებრივია, კანონმდებლობის სრული დაცვით, მნიშვნლოვანი ინტერესი იყო, რომ ჩვენ არ ვიძიებთ ყოფითი კრიმინალის საქმეს... 28 სექტემბრის შემდეგ დიდი დრო არის გასული და თქვენც შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ არ მოხდა ამ ვიდეოჩანაწერის ამ დრომდე გასაჯაროება. გამოძიებას შეიძლება ჰქონდეს ინტერესი ინფორმაციის გარკვეული ნაწილის საიდუმლოდ შენახვის და მისი ერთადერთი მიზანია საქმეზე გამოძიებას არ შეექმნას საფრთხე", - თქვა პროკურორმა.

პროკურატურა აცხადებს, რომ ამ საქმეზე გამოძიება უკვე დაასრულა.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. იმის მიუხედავად, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებიდან რამდენიმე თვე გავიდა, აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებზე პროკურორებმა მხოლოდ გუშინ, 20 იანვარს ისაუბრეს.

XS
SM
MD
LG