2021 წელი საერთაშორისო პოლიტიკაში რუსეთმა იმის აღნიშვნით დაიწყო, რომ გამოაცხადა ღია ცის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამოსვლის პროცედურის ამოქმედება, ხელშეკრულებისა, რომელსაც იგი დიდი ხნის განმავლობაში არღვევდა რამდენიმე ქვეყნის - მათ შორის საქართველოს - მიმართ.
თავის მხრივ, მოსკოვი ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობას ვაშინგტონის შარშანდელი გადაწყვეტილებით ხსნის. რუსეთის საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ აშშ-მა შარშან ღია ცის შესახებ ხელშეკრულება დატოვა „გამოგონილი მიზეზით“, ხოლო მოსკოვის შეთავაზებამ, ახალი პირობებით შენარჩუნებულიყო შეთანხმება, „ვერ პოვა აშშ-ის მოკავშირეების მხარდაჭერა“.
აღსანიშნავია, რომ აშშ-მა შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მიიღო.
კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ანგარიშებში მრავალი წლის განმავლობაში აღნიშნავდა, რომ მას არ ეძლეოდა სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების შესაძლებლობა რამდენიმე საკვანძო რეგიონში, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში, სადაც, დიდი ალბათობით, თავმოყრილია საერთაშორისო შეთანხმებებით აკრძალული შეიარაღება და ტექნიკა.
კალინინგრადი, სოხუმი, ცხინვალი...
„2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა დაიწყო ერთგვარი ინტერპრეტაცია ამ ხელშეკრულებისა და 10-კილომეტრიან რადიუსში ფრენებთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის შემთხვევაში. ამტკიცებდა, რომ ისინი არიან დამოუკიდებელი ქვეყნები, რომლებიც არ არიან ღია ცის შესახებ ხელშეკრულების მონაწილეები და მათზე ვერ გავრცელდება საერთაშორისო მოთხოვნები. ეს ძირშივე ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ საქართველო, რომელიც, თავის მხრივ, პირნათლად ასრულებდა ღია ცის შესახებ ხელშეკრულებას, თავად ვერ ღებულობდა მისგა ჯეროვან სარგებელს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
მოსკოვის ასეთი მიდგომის გამო საქართველომ 2012 წელს შეაჩერა თავისი მონაწილეობა ხელშეკრულებაში, რომელიც შეიარაღების კონტოროლის ერთ-ერთ ეფექტიან ინსტრუმენტად ითვლებოდა, სხვა ცივი ომის შემდგომ შეთანხმებებთან ერთად.
ღია ცის ხელშეკრულებას 1992 წელს მოაწერეს ხელი და ის ძალაში შევიდა 2002 წელს.
შეთანხმება შესაძლებლობას აძლევდა მონაწილე 34 ქვეყანას განეხორციელებინათ ხანმოკლე უიარაღო სამეთვალყურეო გაფრენები ერთმანეთის ტერიტორიების თავზე ერთიმეორის შეიარაღებული ძალების შესახებ მონაცემების შესაგროვებლად. შეთანხმების შესაბამისად, 1500-მდე გაფრენა განხორციელდა და ყოფილა შემთხვევა, როდესაც აშშ-ის სტრატეგიული მოწინააღმდეგე ქვეყნის სადაზვერვო თვითმფრინავს ვაშინგტონის თავზეც კი გადაუფრენია.
„ცნობილი ფაქტია, როდესაც რუსეთის თვითმფრინავებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში თეთრი სახლის თავზეც კი შეესრულებინათ ფრენები, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო მანამდე. ამასობაში კი აშშ რუსეთის მხრიდან აწყდებოდა სიხისტეს და მოსკოვის მხრიდან შეთანხმების პირობების შეუსრულებლობას“, - აცხადებს ფხალაძე.
შარშან მაისში აშშ-მა საბოლოოდ დაადანაშაულა რუსეთი, როდესაც კვლავ ვერ მიიღო მოსკოვისგან ნებართვა განეხორციელებინა საკონტროლო ფრენები კალინინგრადის ოლქში და ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან რუსეთის სასაზღვრო ზოლის თავზე.
ამის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ექვს თვეში ვაშინგტონი შეთანხმებიდან გავიდოდა, თუკი რუსეთი ხელშეკრულების პირობებს არ შეასრულებდა.
ამ ბოლო ინციდენტიდან რამდენიმე თვეში, გასული წლის 22 ნოემბერს, აშშ-მა ოფიციალურად დატოვა შეთანხმება და ამის შესახებ ოფიციალურად აცნობა ყველა ქვეყანას, მათ შორის რუსეთსაც.
15 იანვრიდან კი რუსეთმა გამოაცხადა, რომ იწყებს გამოსვლის პროცედურას შეთანხმებიდან, რომლის პირობებსაც, როგორც ზემოთ ითქვა, უკვე დიდი ხანია, არ ასრულებს, და ეს მხოლოდ პოსტფაქტუმ დაადასტურა პარასკევს.
შეთანხმებები, რომლებიც რუსეთმა დაარღვია
მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია, რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმება, რომლებზეც იდგა, ფაქტობრივად, ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა.
- პირველი იყო 1999 წლის სტამბოლის ეუთოს სამიტზე მიღებული ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ადაპტირებული შეთანხმება, რამაც მალევე სათავე დაუდო საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გასვლის პროცესს. მაგრამ 2004 წლიდან რუსეთი რეგულარულად არიდებდა თავს ამ ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობას და 2007 წელს საბოლოოდ დატოვა ეს შეთანხმება. „ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსათვის, რადგან, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს დაცულობაზე, სწორედ ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ადაპტირებული შეთანხმება იყო უშუალო გარანტი ჩვენი უსაფრთხოებისა და ეს გარანტიები რუსეთმა საბოლოოდ მოარყია“, -აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე.
- თუ სტამბოლის შეთანხმებიდან გამოსვლას მოჰყვა რუსეთის 2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, კიდევ ერთი საერთაშორისო შეთანხმების, „ბუდაპეშტის მემორანდუმის“, დარღვევით რუსეთმა 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა.
- 1994 წლის „ბუდაპეშტის მემორანდუმზე“ ხელმოწერით აშშ-მა, ბრიტანეთმა და რუსეთმა უკრაინას მისცეს უსაფრთხოების გარანტია - საბჭოთა პერიოდის ბირთვულ არსენალზე უარის თქმის სანაცვლოდ. რუსეთის „გარანტია“ ამ შემთხვევაში ლიტონი სიტყვა აღმოჩნდა.
- 2019 წელს რუსეთი ასევე გამოვიდა საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულებიდან. ამას წინ უძღოდა მოსკოვის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, რომ არ განათავსებდა ევროპის საზღვრებთან 500-დან 5 500 კილომეტრამდე მოქმედების ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს.
ინგლისური შემოკლებით INF-ად წოდებული შეთანხმება აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს დაიდო და ძალაში შევიდა 1988 წელს.
ბირთვულმა შეთანხმებამ, რომლითაც აიკრძალა ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ქონა, წარმოება და გამოცდა, 2019 წლის 2 აგვისტოდან დაკარგა ძალა მას მერე, რაც ხელის მომწერმა სახელმწიფოებმა, აშშ-მა და რუსეთმა, ოფიციალურად დატოვეს 41 წლის წინ დადებული ხელშეკრულება.
- წელს იწურება ვადა ცივი ომის პერიოდის START-ის სახელით ცნობილი შეთანხმების მემკვიდრე New START-ის, სტრატეგიული ბირთვული რაკეტების გამშვებ სისტემათა წარმოების შემცირების შესახებ შეთანხმებისა, რომელიც აშშ-სა და რუსეთს შორის დაიდო და ძალაში შევიდა 2011 წელს. New START-ისათვის 2021 წელი შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს, თუ მოსკოვი და ვაშინგტონი მისი მოქმედების ვადას არ გააგრძელებენ.
- აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის გააგრძელებს ე.წ. New START-ს, რუსეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ უკანასკნელ მოქმედ ხელშეკრულებას.
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა მოსკოვის წინადადებაზე, დამატებითი პირობების გარეშე გახანგრძლივდეს New START-ი. ასევე უარი თქვა ერთი წლით ხელშეკრულების გახანგრძლივების წინადადებაზე. ბაიდენის აზრით კი, ხელშეკრულება მომგებიანია აშშ-ის უსაფრთხოებისთვის და საჭიროა მისი გაგრძელება.
მიმომხილველები არ გამორიცხავენ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში კიდევ უფრო გაუარესდეს. მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ შეიარაღების კონტროლი არის ის სფერო, რომელმაც რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად შესაძლოა პლატფორმის როლი ითამაშოს აშშ-სა და კრემლს შორის პროდუქტიული მოლაპარაკებებისათვის.