„უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებისა და ჩვენი ხალხების ევროპული არჩევნის გათვალისწინებით, ვადასტურებთ დაინტერესებას, გავაღრმაოთ რეგიონული თანამშრომლობა ევროკავშირში ჩვენი ქვეყნების სრულფასოვან წევრობასთან დაკავშირებული სტრატეგიული ინტერესების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის, ევროპასთან ასოცირებული ხელშეკრულების იმპლემენტაციის გზით“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი 12 იანვარს კიევში გამართული ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ.
უკრაინა გახდა პირველი ქვეყანა, რომელსაც მოლდოვის ახლად არჩეული პრეზიდენტი მაია სანდუ ესტუმრა თავისი ინაუგურაციის შემდეგ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ განაცხადეს ასევე უკრაინისა და მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე ურთიერთმხარდაჭერაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, ასევე, რომ კიევისა და კიშინიოვის დამაკავშირებელი ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის ასაშენებელად, განიხილავენ მდინარე დნესტრზე ახალი სასაზღვრო ხიდის აშენებას.
„აღნიშნული მაგისტრალი ჩვენი ქვეყნების დედაქალაქებს შორის მიმოსვლას 5 საათამდე შეამცირებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ ერთობლივ ბრიფინგზე.
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების კოორდინირების მიზნით, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს, შექმნან „პრეზიდენტის საბჭო“, როგორც უმაღლესი დონის მუდმივმოქმედი დიალოგის ფორმატი.