Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს


ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი იუწყება, რომ აჩერებს კონტრაქტს ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან.

„მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ).

თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე - დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინებაა.

ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე

საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება იანვრის შუა რიცხვებში, იმ შეხვედრის შედეგების მიხედვით, რომელიც შედგება НОВАТ-ის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვლადიმირ კეხმანსა და ნინო ანანიაშვილს შორის“, - წერია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებსაიტზე.

ნინო ანანიაშვილმა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ექსკლუზიურ ინტერვიუში მიაწოდა. ის აცხადებდა, რომ ნოვოსიბირსკი თეატრის საბალეტო დასს იანვრის ბოლოს უნდა შეხვედროდა.

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის გადაწყვეტილებაზე წერენ რუსეთის მედიასაშუალებები. მანამდე, მათი ყურადღება მიიპყრო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კრიტიკულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პირობებში, ანანიაშვილის გადაწყვეტილებას "გამართლება არა აქვს".

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა თავად ნინო ანანიაშვილსაც. მან გვითხრა, რომ განცხადებას არ გააკეთებს.

XS
SM
MD
LG