Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოს ფოსტის" გაფიცული თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს


11 თანამშრომელი გაათავისუფლეს „საქართველოს ფოსტის" გორის ფილიალიდან. ამის შესახებ წერილები თითოეულმა თანამშრომელმა გენერალური დირექტორისგან მიიღო. ინფორმაცია 8 იანვრის საღამოს, ადგილობრივმა ონლაინგამოცემა qartli.ge- მ გაავრცელა.

8 იანვრით დათარიღებულ წერილში წერია, რომ ფოსტის თანამშრომლებმა 2021 წლის 5 იანვრიდან „უკანონო გაფიცვა" მოაწყვეს. „იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის 5 იანვრიდან უარს აცხადებთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე, გაცნობებთ, რომ ფოსტასა და თქვენს შორის შრომითი ურთიერთობა შეჩერებულია", - აღნიშნავს გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

2020 წლის 20 დეკემბერს გორის ფილიალის 11-მა თანამშრომელმა ოფიციალური წერილით ხელმძღვანელობას მიმართა. თანამშრომელთა მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას ეხებოდა.

გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ თანამშრომლებს უპასუხა, რომ მათი მოთხოვნა, სახელფასო დანამატების გაზრდის თაობაზე, უსაფუძვლოა. „რაც შეეხება 2020 წლის 30 დეკემბრით დათარიღებულ თქვენს წერილს, რომელიც ფოსტას ჩაბარდა 2021 წლის 4 იანვარს და რომლითაც ითხოვთ დანამატების გაცემას, გაცნობებთ, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომლითაც შეთანხმებულია პირობები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების ოდენობა. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენი მხრიდან შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე უარი შეიცავს უკანონო გაფიცვის ნიშნებს, რასთან დაკავშირებითაც „საქართველოს ფოსტა" აპირებს დაიწყოს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები", - აცხადებს ჩიკვაიძე.

„საქართველოს ფოსტის", გორის ფილიალის თანამშრომლები მხარდაჭერას და დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვენ.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა „საქართველოს ფოსტის" პრესსამსახურს. მათ გვითხრეს, რომ ჯერჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებენ. როგორც პრესსამსახურში ამბობენ, თავად დაგვიკავშირდებიან თუ კომპანიის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს დამატებითი განცხადების ან განმარტების გაკეთებას.

XS
SM
MD
LG