საქართველოს მართლმადიდებელი სასულიერო პირების ანტისემიტური შინაარსის ქადაგებების შესახებ განცხადებას ავრცელებს ისრაელის ელჩი რან გიდორი.
„ზუსტად ერთი კვირის წინ გამოვხატე ჩემი სურვილი და იმედი, რომ ახალ წელს შევხვდებოდით კიდევ უფრო მტკიცე რწმენით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის და რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არა აქვს.
სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ორშაბათს, 4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში, 1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტიებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს.
როდესაც კარკაძემ ზემოაღნიშნული ანტისემიტური განცხადებები გააკეთა, ორი კვირაც კი არ იყო გასული ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის და წმინდა სინოდის წევრის იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებული ძალზედ სადავო და პრობლემური ქადაგებიდან, რომლის ნაწილიც შესაძლოა, აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური", - აცხადებს ისრაელის ელჩი.
დიპლომატი ქართველებისადმი საკუთარ დამოკიდებულებას განცხადებაში გამოხატავს: „მე ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში უკვე საკმარისად დიდი ხანი ვიმყოფები იმის გასაცნობიერებლად, რომ ქართველების უდიდესი ნაწილი არ იზიარებს ასეთ შემზარავ შეხედულებებს. ქართველებს დამსახურებლად აქვთ მოპოვებული სტუმართმოყვარე ადამიანების სახელი მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ ცხოვრობს საქართველოში წარმატებული ებრაული საზოგადოება 2 ათასწლეულზე დიდხანს და, სწორედ ამიტომ, აქ ყველაზე ნაკლებად შეეხო მას ანტისემიტიზმი, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაში.
30 წლის წინ, მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა, ისრაელი - ებრაული სახელმწიფო - ისწრაფის, რომ სათანადოდ დაუბრუნოს მას ეს სიკეთე და გამოხატავს მადლიერებას, მათ შორის, ინვესტიციების განხორციელებით ადგილობრივ ეკონომიკაში, 1500-ზე მეტი ქართველის გადამზადებით ისეთ სფეროებში როგორიც არის მედიცინა, სოფლის მეურნეობა, განათლება და მაღალი ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებითა და Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების გაწევით".
რან გიდორი, აგრეთვე, მიუთითებს, ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობაზე. „2019 წელს საქართველოს ისრაელიდან ტურისტების რეკორდული რაოდენობა, 200,000 სტუმარი ეწვია. ეს არის ტურისტების ყველაზე დიდი ჯგუფი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მას უშუალოდ არ ესაზღვრება. ეს ადამიანები ჩამოვიდნენ აქ იმ იმედით, რომ მათ კვლავ კეთილი განწყობით ელიან და რომ იყო ებრაელი საქართველოში ყოველთვის იქნება საამაყო და არა სასირცხვილო", - აღნიშნავს დიპლომატი.
გიდონი საქართველოს მთავრობას მიმართავს და იმედს იტოვებს, რომ პატრიარქი ილია მეორე დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს.
„მიმდინარე თვეში, 27 იანვარს, აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. როგორც ისრაელის სახელმწიფოს ელჩი და შვილი 91 წლის მამის, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ის მკაცრად გმობს ილია კარკაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და, ასევე, განმარტა მის მიერვე მანამდე გაკეთებული განცხადება, იმედს ვიტოვებ, რომ მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომელიც ყოველთვის ღიად საუბრობდა თავის გულწრფელ მეგობრობაზე ებრაელ ხალხთან, თავადაც კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს და დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს", - აცხადებს რან გიდორი.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელმა) დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. „დეკანოზ ილია კარკაძის ბოლო დროს თქმული ქადაგება სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით.
ამასთან, ქართველებისა და ებრაელების ურთიერთთანადგომით სავსე კეთილმეგობრული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა საფუძვლის გარეშე კუსა და მორიელის იგავს არის შედარებული. ამგვარი შედარება შეუსაბამოა, გულსატკენი და დასაგმობი", - აცხადებს მიტროპოლიტი იოანე.
როგორც ის აღნიშნავს, დეკანოზმა ილიამ მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო.
მიტროპოლიტი, აგრეთვე, გამოეხმაურა ისრაელის ელჩის წინა განცხადებას: „აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე ჩემ წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებული კამპანია მართებულად და ობიექტურად შეაფასა ისრაელის ელჩმა საქართველოში, ბატონმა რან გიდორმა და მაგალითი მოგვცა ტოლერანტობისა.
ამგვარი ფაქიზი დამოკიდებულებით ჩვენ არა მარტო წარსული კეთილი ურთიერთობის ხსოვნას შევინარჩუნებთ, არამედ მომავალშიც გავაგრძელებთ მას".
მიტროპოლიტის მხრიდან რეაგირებას არასაკმარისად მიიჩნევს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI). „აღნიშნული რეაგირება არასაკმარისია ეკლესიაში არსებული ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის პრობლემის დასაძლევად. სწორედ, მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის 20 დეკემბრის ქადაგებამ დაუდო საფუძველი ანტისემიტიზმის ახალ ტალღას, რასაც შემდეგ დეკანოზ ილია კარკაძის განცხადებები მოჰყვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მიტროპოლიტმა იოანემ შეაფასოს საკუთარი ქადაგების პრობლემურობაც და ბოდიში მოიხადოს ანტისემიტური შინაარსის განცხადებებისთვის.
ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, ეკლესიის სახელით მკაფიო პოზიცია გამოხატოს მიტროპოლიტ იოანესა და დეკანოზ ილიას ანტისემიტურ განცხადებებთან დაკავშირებით და კრიტიკულად შეაფასოს ისინი; დაგმოს ანტისემიტიზმი და ებრაელებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და გაავრცელოს ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები", - აცხადებს TDI.
2021 წლის პირველ იანვარს მიტროპოლიტმა იოანემ განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ TDI ცდილობს „შფოთი შემოიტანოს საქართველოს ეკლესიასა და ებრაელ ერს შორის საუკუნეების მანძილზე არსებულ კეთილ ურთიერთობებში”.
ორგანიზაციამ 5 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შეუწყნარებლობისა და ანტისემიტიზმის ნებისმიერი გამოვლინება, მით უფრო, თუკი ის გავლენიანი ინსტიტუციის მხრიდან ვრცელდება, ქმნის სიძულვილისა და ძალადობის ახალი კერების გაჩენის საფრთხეს.