Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა გაიხსენა 2012 წელს სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრა


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

2012 წელს ხელისუფლების გადაცემა გაიხსენა „მთავარი არხის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. აშშ-ის კონგრესში, კონგრესმენებისა და სენატორების გაფართოებულ სხდომაზე დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა მაგალითად მოიყვანა, სწორედ, საქართველოში 2012 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის ფაქტი.

სააკაშვილი იხსენებს, რომ სენატორებს არჩევნების მეორე დღეს შეხვდა.

„2012 წელს, როგორც კი გამოცხადდა ეგზიტპოლები, მაშინდელი „რუსთავი 2“-ის. რომელიც არ იყო გაყალბებული ეგზიტპოლები, რომელიც აქვს „იმედს“ და ზოგიერთ სხვა არხს. როგორც კი გამოცხადდა ეგზიტპოლები, მე მყავდა ძალიან ბევრი მეგობარი, თანამებრძოლი და რამდენიმე მათგანმა მითხრა, რომ იქნებ არ ღირს ჯერ გამოსვლა, იმიტომ, რომ ჩვენები კომისიებში დაიბნევიან. პირიქით გაგვიყალბებენ არჩევნებს თვითონ. ისინი შემოგვაჯდებიან. ჩვენებს ჰქონდათ ინსტრუქცია, რომ მკაცრად დაეთვალათ ის, როგორც არის. ბევრგან მაჟორიტარულ არჩევნებში ვიგებთ და ჩვენს მაჟორიტარებსაც არ წავაგებინოთო. ჩემი რეაქცია იყო ის, რომ მე ამას არაფერს არ დაველოდები. იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი პრინციპები! ვერ წარმოიდგენთ რა მშვიდი ვიყავი იმ დროს, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე. რამდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რასაც ვაკეთებდი. გამოვედი და ეს ჩანს იმ კადრებში... ნათლად ვთქვი, რომ ივანიშვილმა მოიგო.

შაჰინი მოვიდა მეორე საღამოს, სენატორ რიშთან (სენატოს საგარეო ურთიერთიობათა კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე) ერთად, მათ მითხრეს დიდი მადლობა, იმისათვის, რომ ასე მშვიდად ჩაიარა ყველაფერმა“, - თქვა სააკაშვილმა.

სენატორმა ჯინ შაჰინმა 2021 წლის 7 იანვარს გაფართოებულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის მაგალითის შესახებ ილაპარაკა.

6 იანვარს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. ამ დროს მიმდინარეობდა კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

პოლიციას დაახლოებით ოთხი საათი დასჭირდა კაპიტოლიუმის შენობაში წესრიგის აღსადგენად, რის შემდეგაც კონგრესის სხდომა გაგრძელდა.

პოლიციის ინფორმაციით, ვაშინგტონში მასობრივი არეულობებისას 4 ადამიანი დაიღუპა. 50-ზე მეტი დაკავებულია. აშშ-ის დედაქალაქში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG