Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორ შაჰინს საქართველო მოჰყავს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის მაგალითად


აშშ-ის კონგრესში, კონგრესმენებისა და სენატორების გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად განახლდა, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა მაგალითად მოიყვანა საქართველოში 2012 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის ფაქტი.

წარმომადგენელთა პალატის და სენატის ერთობლივი სხდომა 6 იანვარს დროებით შეწყდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ასეულობით მომხრე კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა და არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა. არის მსხვერპლიც.

ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის ლიდერმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა დაგმო მომხდარი და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უნდა დარჩეს დემოკრატიული პროცესების მაგალითად მთელი მსოფლიოსთვის.

„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის პრობლემა ახლად დაბადებული დემოკრატიებისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებისთვისაც აშშ მაგალითია... ჩვენ ვართ „მანათობელი ქალაქი ბორცვზე“. ჩვენ ვაძლევთ უკეთესი მომავლის იმედს მათ, ვინც ჩაგვრის მსხვერპლია.

ამ პალატის ბევრი სხვა წარმომადგენლის მსგავსად, მეც ვმოგზაურობდი დემოკრატიის განსავითარებლად მთელ მსოფლიოში - ავღანეთში, ერაყში, დასავლეთ ბალკანეთში, აფრიკასა და საქართველოში.

2012 წელს სენატის სახელით ოფიციალურად ჩავედით საქართველოში, არჩევნების სამეთვალყურეოდ. არჩევნები იმართებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მილიარდერი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ახლად დაფუძნებულ პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის. ეს იყო ბრძოლა პარლამენტისთვის და ასევე ხელისუფლებისთვის.

სენატორმა (ჯიმ) რიშმა და მე მოვინახულეთ არაერთი საარჩევნო უბანი არჩევნების დღეს და დავეთანხმეთ საერთაშორისო შეფასებას, რომ ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი და გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“.

ქვეყანაში იყო შეშფოთება, რომ სააკაშვილი არ დათმობდა ძალაუფლებას, ამას მოჰყვებოდა ძალადობა და დასრულდებოდა ახლად დაბადებული დემოკრატიული რეფორმები ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში.

არჩევნების მეორე დღეს სენატორი რიში და მე წავედით სააკაშვილთან შესახვედრად, რათა დაგვერწმუნებუნება ის, რომ არ ეცადა ძალაუფლების შენარჩუნება. ძალიან კარგად მახსოვს, თუ როგორ მივედი მასთან სახლში. დავსხედით და ვუთხარით, რომ დემოკრატიისთვის, რომლისთვისაც მან 8 წლის განმავლობაში დიდი შრომა გასწია... დემოკრატიისთვის უმთავრესია ძალაუფლების გადაცემა პირისთვის, რომელიც მშვიდობიანი არჩევნების გზით შეარჩია ამომრჩეველმა... პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოგვისმინა და თავისი პოსტი მშვიდობიანად დატოვა.

მნიშვნელოვანია, მომავალმა თაობებმა აღიარონ, რომ ამერიკა, სხვა დემოკრატიების მსგავსად, დამოკიდებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე, იმის დაჯერებაზე, რასაც ამომრჩევლები გადაწყვეტენ და მათი ნების აღსრულების უზრუნველყოფაზე...

ვთხოვე დღეს კოლეგებს - სრულად ვაღიაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგები და დავგმოთ ხალხის ნების განადგურებისკენ მიმართული პარტიზანული შეტევები. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რჩეული კანდიდატი დამარცხდა. ბოლოს და ბოლოს ეს განსაზღვრავს, ვინ ვართ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში“ - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

XS
SM
MD
LG