შობისა და ახალი წლის დღეებში ბრიუსელში უჩვეულო ჩოჩქოლი იყო. მოსალოდნელი იყო, რომ მთელ ბლოკში, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, წლის ბოლო ორი კვირა მშვიდი დასვენების დრო იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ცხადია, შობის წინა დღეს ბრექსიტის შეთანხმებაზე ბეჭდის დასმით 2021 წელს ქაოსი თავიდან ავიცილეთ, მაგრამ 30 დეკემბერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში.
ამ შეთანხმებამ შეიძლება ბევრად განსაზღვროს ბრიუსელსა და პეკინს შორის ურთიერთობა მომავალ წლებში, დაძაბულობა გამოიწვიოს ევროპის შიგნით და ბზარი გაუჩინოს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს სულ რაღაც ერთი კვირით ადრე, ვიდრე ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოვიდოდეს ხელისუფლებაში.
ცხადია, რომ ჩინეთთან დადებულ შეთანხმებას გერმანიის დიდი ბეჭედი ატყვია.
მაშინ როცა მოლაპარაკებებს ბლოკის ყველა სავაჭრო შეთანხმების შესახებ ევროპის კომისია წარმართავს ხოლმე და ასე იყო ამ კონკრეტული გარიგების შემთხვევაშიც არანაკლებ შვიდი წლის განმავლობაში, სწორედ ბერლინმა მიიყვანა ის ბოლომდე ევროკავშირის ექვსთვიანი მორიგე თავმჯდომარეობის უკანასკნელ მომენტში, პირადად კანცლერ ანგელა მერკელის მონაწილეობით. მის უკან იყო გერმანიის მრეწველობა, პირველ რიგში, მძლავრი საავტომობილო სექტორი, რომელიც ისწრაფის გავიდეს როგორც ჩვეულებრივი ავტომანქანების, ასევე მომავალი ელექტრონული მანქანების ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ბაზარზე.
და, ქაღალდზე, ეს შეთანხმება კარგი უნდა იყოს ევროპის კომპანიებისთვის ჩინეთში, რადგან, შედეგად, გაადვილდება ბაზარზე წვდომა, შეიქმნება უფრო თანაბარი დონის სამოქმედო სივრცე და, კოვიდით გამოწვეული რეცესიის შემდეგ, ის, პოტენციურად, სასურველ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.
ჯერ ერთი, შეთანხმება ამარტივებს ერთობლივი საწარმოების მიმართ ბიუროკრატიულ მოთხოვნებს და საშუალებას აძლევს ევროპელ ინვესტორებს შეიძინონ კომპანიები არაერთ სექტორში. ის ასევე ავალდებულებს პეკინს უარით თქვას ტექნოლოგიების იძულებითი გადატანაზე და მის მიერ ფირმების სუბსიდირების პროცესს მეტ გამჭვირვალობას ანიჭებს.
ჩინეთმა რეალურად გაამკაცრა თავისი ნორმები უცხოური ინვესტიციების მიმართ და სხვა ტიპის ადმინისტრაციული ზღუდეები შექმნა საკვანძო საშინაო ბაზრებზე შეღწევის მცდელობისას უცხოური ფირმებისთვის ხელის შესაშლელად. ჰკითხეთ ავსტრალიას, რომელმაც ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და შემდეგ, მთელი ზამთრის განმავლობაში, მასთან ურთიერთობა გაუფუჭდა.
შეთანხმების მიმართ კრიტიკულად განწყობილები ასევე აღნიშნავენ, რომ შეთანხმებული ტექსტი ავალებს ჩინეთს დაიცვას ვალდებულებები როგორც ეკოლოგიური, ისე შრომის უფლების სტანდარტების მხრივ, მაგრამ ამისთვის ცხადი ვადები არაა დადგენილი. ასევე არ არსებობს ინვესტორების დაცვის მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემდა ევროპულ ფირმებს პირდაპირ გაესაჩივრებინათ დავები. არის მხოლოდ საარბიტრაჟო კომისიები, რომელთაც სავალდებულო ჯარიმების გამოწერა შეუძლიათ.
მართალია, ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩინეთს ევროკავშირის ბაზრებზე წვდომის შეზღუდვის საფრთხე ემუქრება, მაგრამ ბევრი ევროპელი დიპლომატი მაინც ვერ იქნება მშვიდად, რადგან რეალურია პეკინის შესაძლებლობების გაზრდის პერსპექტივა, ინვესტიციები გააკეთოს ევროკავშირში ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიების წყაროების მომგებიან სექტორში.
მაგრამ საქმე მხოლოდ ეკონომიკას არ ეხება. პოლიტიკური თვალსაზრისით, ღია რჩება დროის საკითხი. როგორ შეძლებს ევროკავშირი ჩინეთთან შეთანხმებას მიაღწიოს ასე მალე მას შემდეგ, რაც სასტიკად იქნა ჩახშობილი პროდემოკრატიული ძალების საპროტესტო გამოსვლა ჰონგ-კონგში, როცა სულ უფრო იზრდება უიღურების მძიმე მდგომარეობის შესახებ ცნობების რიცხვი, როცა ჟურნალისტებს, რომლებიც კორონავირუსის წარმოშობას აშუქებენ, კომუნისტური პარტიის დევნის სამიზნე არიან? შეთანხმება ევროკავშირის 27-მა წევრმა და ევროპის პარლამენტმა უნდა დაამტკიცონ, რაც 2022 წლისთვის უნდა დასრულდეს. ყველაფერმა ასე მშვიდად შეიძლება არ ჩაიაროს და ზოგან ეს შეთანხმება შიდაპოლიტიკური მოვლენების მძევალი გახდეს.
ერთი რამ ცხადია: ჩინეთისა და ევროკავშირის შეთანხმება ზეგავლენას მოახდენს ევროკავშირზეც და მის გარეთაც.
არაერთი წევრი ქვეყანა - კერძოდ, პოლონეთი და სხვა მცირე სახელმწიფოები - შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, თუ როგორ მოახერხა გერმანიამ შეთანხმების გატანა.
ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ევროკავშირის უდიდესი წევრი მისი ეკონომიკური ლოკომოტივიც არის, მაგრამ იზრდება შიში, რომ მისი გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება ახლა, მას მერე, რაც ბრიტანეთმა, ფაქტობრივად, დატოვა ევროკავშირი და ჩინეთთან შეთანხმება კი იმაზე მიანიშნებს, თუ რა შეიძლება მოხდეს ბრექსიტის შემდგომ ევროპაში. გერმანია დიდხანს ცდილობდა ევროპაში ჩინეთით უკმაყოფილება დაეკნინებინა და, ევროპაში არსებული ტენდენციის საწინააღმდეგოდ, დღეს ის კვლავ ღიაა იმისთვის, რომ Huawei შეუშვას თავის 5G ქსელში.
რა გავლენა ექნება შეთანხმებას ევროკავშირისა და აშშ-ის ურთიერთობაზე, ახლა ესაა საინტერესო.
აშშ-ის მომავალმა ახალმა ადმინისტრაციამ, ბაიდენის ხელმძღვანელობით, გააფრთხილა ევროკავშირი, ნუ იჩქარებს ჩინეთთან შეთანხმებით. ბრიუსელმა კი უპასუხა, რომ აშშ-ს უკვე აქვს ჩინეთთან ამგვარი სავაჭრო „პირველი ფაზის“ შეთანხმება, რომელიც შარშან შევიდა ძალაში, და ევროკავშირი, უბრალოდ, შეეცადა რაღაც გამოეძებნა ჩინეთის ბაზარზე გასვლის მსგავსი პირობების მისაღწევად.
უცნაურია, რომ ევროკავშირმა არ მიაქცია ყურადღება აშშ-ის ახალ, მომავალ პრეზიდენტს, რომლის პოლიტიკური კონცეფცია, დასავლეთის კვლავ გაერთიანება და მულტილატერალიზმი, დღის წესრიგის მთავარი თემა იყო.
ამ ეტაპზე ძნელია დაინახო, პეკინის გარდა, სხვა გამარჯვებული.