Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელეს


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სასამართლომ პატიმრობის ვადა კიდევ ორი თვით გაუგრძელა ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს. ე.წ. სასამართლოს მიერ 23 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება ზაზა გახელაძის ოჯახს დღეს, 24 დეკემბერს შეატყობინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს ე.წ. წინასწარი პატიმრობის ვადა უკვე მეორედ გაუგრძელეს.

გახელაძის ოჯახი ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს მის გათავისუფლებას. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს. ეს საკითხი დეკემბერში განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51 რაუნდზეც, მანამდე, ნოემბრის ბოლოს კი, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე. თუმცა, შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.

XS
SM
MD
LG