Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პატრიოტთა ალიანსმა" პარლამენტის დეპუტატების მანდატებზე უარი თქვა


"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პარლამენტს პარტიის წევრებისთვის მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. მისი თქმით, ამ განცხადების შეტანა მას და მის თანაპარტიელებს კორონავირუსით ინფიცირების გამო დაუგვიანდათ.

"სრულიად უსაგნოა "ქართული ოცნების" ლოგიკა, თითქოსდა, ვერ ამტკიცებს ოპოზიცია ამ არჩევნების გაყალბებას. არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს... გადახედონ იმ გადასწორებულ, სამარცხვინო ოქმებს, რომელიც გამოფინა, თავის დროზე, ცესკომ... ჩვენ ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა, მივყვებით ჩვენს დამოუკიდებელ გზას და ჩვენი ყველა ნაბიჯი, მკაფიოდ მინდა ვთქვა, იქნება ზნეობრივი, რაც მთავარია, და იქნება სამართლიანი", - განაცხადა მან.

"პატრიოტთა ალიანსი" პირველი პარტია არ არის, რომელმაც პარლამენტს ამ მიზნით მიმართა. ასე მოიქცნენ კოალიციის "ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშია" წევრები, "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები. განცხადებები არ დაუწერიათ "მოქალაქეებისა" და "გირჩის" წარმომადგენლებს, მათ შორის გამონაკლისია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. 8-ვე ოპოზიციური პარტია, რომელმაც 1-პროცენტიანი ზღვარი გადალახა, არ ენდობა ცესკოს მონაცემებს და არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG