Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიამ მომავალი მინისტრთა კაბინეტის ფაქტობრივად უცვლელი შემადგენლობა წარადგინა


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

„ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ - ასე ჰქვია სამთავრობო პროგრამას, რომელიც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ მთავრობის შემადგენლობასთან ერთად დასამტკიცებლად წარუდგინა პარლამენტს.

გახარიას მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილებაა. გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც თეა წულუკიანის გადადგომის შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო, პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრი გახდება.

მინისტრობის სხვა კანდიდატურები უცვლელია:

  1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;
  2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;
  3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათია თურნავა;
  4. თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;
  5. იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;
  6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;
  7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;
  8. საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;
  9. ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;
  10. შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;
  11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.

რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას, როგორც მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, მისი ძირითადი მიზანია პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება.

პროგრამის თანახმად, პარალელურად, ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ ნაბიჯების გადადგმას და საგარეო ასპარეზზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას. შემდგომი წლების ძირითადი ამოცანა იქნება ქვეყნის ინსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური მომზადება 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის. როგორც პროგრამაშია ნათქვამი, აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და განვითარების, ასევე ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ ოთხ საკვანძო მიმართულებაზე:

  • საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები
  • ეკონომიკური განვითარება
  • სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება
  • სახელმწიფო მმართველობა
XS
SM
MD
LG