მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებასა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს სასამართლომ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მათ მიმართ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.
როგორც პროკურატურა აცხადებს, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ი.პ., ლ.ქ. ზ.გ. და ე.გ. იმყოფებოდნენ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე. აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის და გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ.
საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 22 თებერვალს ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, არჩილ ტატუნაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურატურის პროკურორის თანაშემწემ დავით გურწიევმა, ოკუპირებული ახალგორის ე.წ „КГБ“-ს სამსახურის განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო მოგვიანებით - ი.პ., ლ.ქ., ზ.გ. და ე.გ. გადაიყვანეს ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, საიდანაც არჩილ ტატუნაშვილი წამების მიზნით, გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც იგი წაიყვანეს ცხინვალში.
როგორც საქართველოს პროკურატურა აცხადებს, ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.