2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგების გარშემო საკუთარი პოზიციების გამო, საქართველოს პარტნიორებსა და მეგობრებს, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს მწვავედ აკრიტიკებს ნიკა გვარამია, ოპოზიციური „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და დირექტორი. ამასთან, გვარამიასა და მისი თანამოაზრეების სიტყვებს ბევრი აღიქვამს თავდასხმად - დიპლომატებზე, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებსა და დიალოგის ერთადერთ სივრცეზე.
ნიკა გვარამია: მე არ მჯერა კელი დეგნანის ამერიკის
14 დეკემბრის გადაცემაში, „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ნიკა გვარამიამ - რომელიც მთავარი ოპოზიციური და პროდასავლური არხის წარმომადგენლად პოზიციონირებს - ვრცლად ისაუბრა თავისი პრეტენზიების შესახებ აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების მიმართ საქართველოში.
დაახლოებით, ერთსაათიან მონოლოგში გვარამია დადებითად აფასებს აშშ-ის წინა ელჩების, განსაკუთრებით, იან კელის საქმიანობას, რომელიც ელჩის მოვალეობას ასრულებდა 2015-2018 წლებში. გვარამიას თქმით, მას კელისთან „მჭიდრო კომუნიკაცია“ ჰქონდა და „ყველა პრობლემის მოსაყოლად“ მიდიოდა.
მონოლოგს ნიკა გვარამია ევროკავშირის მოქმედი წარმომადგენლის, კარლ ჰარცელის კრიტიკით განაგრძობს და ამბობს, რომ შვედი დიპლომატი საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჰიპერაქტიული იყო დემოკრატიისა თუ მედიაგარემოს საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, გვარამიას მტკიცებით, ჰარცელი 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ „გაქრა“.
გვარამია უკმაყოფილებას გამოთქვამს აშშ-ის საელჩოს მისამართით, რადგან, მისივე მტკიცებით:
- ბოლო რამდენიმე თვეა, საელჩოდან ოპოზიციურ მედიას არავინ შეხვედრია;
- სხვადასხვა გახმაურებულ საქმეზე საელჩოს მხარდამჭერი განცხადება არ გაუვრცელებია;
- არხის ერთ-ერთ სახეს, გიორგი გაბუნიას, არ მისცეს აშშ-ის ვიზა, რომელსაც ჟურნალისტი მისი სავარაუდო ლიკვიდაციის საქმის ფონზე ითხოვდა;
- საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საელჩომ გააკეთა „სამარცხვინო პირველადი დასკვნა“, რომლის თანახმად, გამოვლენილი ხარვეზები შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი.
„მთავარის“ დირექტორის პრეტენზიების მთავარი ადრესატი კი აშშ-ის მოქმედი ელჩი, კელი დეგნანი აღმოჩნდა, რომელსაც ის საქართველოს პოლიტიკური გარემოს არცოდნაში ადანაშაულებს.
„თქვენ ვერ ფლობთ სიტუაციას საქართველოში - თქვენ არ იცნობთ საქართველოს არც ისტორიას და არც დღევანდელობას. თქვენ არ იცით, რა ხდება საქართველოში… საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა. დიდი უმრავლესობა თვლის, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ უნდა შევიდეს. ვის აზრს გამოხატავს ქალბატონი დეგნანი, როდესაც ამბობს, რომ პარლამენტში ოპოზიცია უნდა იჯდეს?! საკუთარს! და ეს აზრი ქართველი ხალხის ნებასთან წინააღმდეგობაშია. რატომ უპირისპირდება იგი თავისი განცხადებებით ქართველი ხალხის ნებას?!“, - აცხადებს გვარამია და განაგრძობს: „მე არ მჯერა კელი დეგნანის ამერიკის. მეტიც, ეს არ არის ამერიკა“.
14 დეკემბრის გადაცემა პირველი შემთხვევა არაა, როცა ოპოზიციური ფლანგიდან საქართველოს დასავლელი პარტნიორების და დიპლომატიური წარმომადგენლების მიმართ კრიტიკა გაისმა. „მთავარი არხის“ ეთერშივე, 8 დეკემბრის გადაცემაში, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა: „მეც აქტორი ვარ, მით უმეტეს, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პროცესში აქტორია და აქტორი არის ქალბატონი [კელი] დეგნანიც. როცა პოზიცია ფიქსირდება, ამ პოზიციას ან იღებ, ან აკრიტიკებ. ... რამდენიმე ჩემი კოლეგაც გამოდის, თავდასხმა მიუღებელიაო - ესეც კომპლექსია“.
„ტვ პირველის“ ეთერში კი, ანა დოლიძემ, რომელიც ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე ხელისუფლება-ოპოზიციის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს, ელჩების როლთან დაკავშირებით თქვა: „მეგობრებო, ამას ასდის კოლონიალიზმის სუნი, როდესაც თქვენ არ მოგწონთ და მეც არ მომწონს, როცა ელჩები ამბობენ ისეთ რაღაცებს, რომელიც ამეტებს მათ უფლებამოსილებას, ფაქტობრივად, მიანიშნებს ჩვენს შიდა საქმეებში მათ ჩარევას“.
ერთადერთი სივრცე დიალოგისთვის
25-წლიანი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კელი დეგნანი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მანდატით საქართველოში 2020 წლის იანვრიდან მოღვაწეობს. მარტში კი, დეგნანი გახდა ერთ-ერთი მთავარი დიპლომატი, რომლის მედიაციითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მიაღწიეს 8 მარტის შეთანხმების სახელით ცნობილ შეთანხმებას. ამით დასრულდა ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დაიწყო 2019 წლის 20 ივნისში, საქართველოში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტისა და ანტისამთავრობო და ანტისაოკუპაციო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ.
8 მარტის შეთანხმების მთავარი პუნქტი იყო 2020 წლის არჩევნების პროპორციულ სისტემასთან დაახლოებული საარჩევნო სისტემით ჩატარება, რასაც პარლამენტის მრავალპარტიულობა უნდა უზრუნველეყო. 31 ოქტომბრის არჩევნებში, ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, საპარლამენტო მანდატები 8 ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო, თუმცა უმრავლესობა ისევ „ქართული ოცნების“ ხელში რჩება. მოსყიდვის, დაშინებისა და ოქმებში დისბალანსის ფაქტებმა სრული ოპოზიციური სპექტრი არჩევნების გაყალბებაზე აალაპარაკა. მათ მე-10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს, რითიც ქვეყანა მორიგ მწვავე პოლიტიკურ კრიზისში შევიდა. „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის დიალოგის ერთადერთი სივრცე კი კვლავ დასავლელი ელჩების გარემოცვა გახდა.
ნიკა გვარამიას მონოლოგის შემდეგ, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების გარშემო მოლაპარაკებებში არა ძალით, არამედ თითოეული პოლიტიკური პარტიის მოთხოვნით ჩაერთო:
„ამ როლის მორგებას დაძალებით არასოდეს ვეცდებოდი, რადგან ეს მართლაც ძალიან რთულად შესასრულებელი როლია. ჩვენ სწორედაც რომ ფასილიტატორები ვართ. ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობთ მოლაპარაკებების ადგილს და ვთავაზობთ დახმარებას მოლაპარაკებების წინ წაწევაში. გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკური ლიდერების ხელთაა. ჩვენ მეტი არაფრის გაკეთება არ ძალგვიძს. მე კვლავ ამ როლის ერთგული ვიქნები მანამ, სანამ დავინახავ, რომ პოლიტიკური მხარეები ამ როლს სასარგებლოდ მიიჩნევენ. რა წამსაც ვიგრძნობ, რომ ეს როლი აფერხებს პროგრესს ან არაფერს აკეთებს მის ხელშესაწყობად, ჩემი მანდატიც მყისიერად დასრულდება“, - განაცხადა ჰარცელმა.
კელი დეგნანი, რომლის აზრითაც, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და დისკუსია საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდეს, მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აცხადებს, რომ ამერიკა საქართველოს საუკეთესო მეგობარია:
„აზრის გამოხატვა ყველას შეუძლია, თუმცა მოსაზრებებს და ფაქტებს შორის განსხვავებაა. ფაქტი ის არის, საქართველოს აშშ-ზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს. ვფიქრობ, მტკიცება არ სჭირდება იმას, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველოს წარმატება. მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიქნები ელჩი თუ სხვა, რომელ პარტიას ექნება ძალაუფლება საქართველოსა თუ აშშ-ში, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის წარმატების მიღწევაში არ შეიცვლება” (რუსთავი 2-ის თარგმანი).
გრიგოლ ვაშაძე: ბოდიშს ვუხდი ჩვენს მეგობრებს!
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია 15 დეკემბერს დატოვა და ამის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ელჩებზე თავდასხმები დაასახელა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში ვაშაძე კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ ასახელებს:
„შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგიათ, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე სდგას“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
ლანძღვაში გადასულ კრიტიკას გმობენ ოპოზიციური ფლანგის სხვა წარმომადგენლებიც.
- „ჩემთვის სრულიად მიუღებელია ყველანაირი თავდასხმა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე თუ ელჩებზე მათი პოზიციების გამო. ეს პირდაპირ ასხამს წყალს ქართული ოცნებისა და რუსეთის დღის წესრიგს. ვინც ამას აკეთებს, სერიოზულად ცდება პოლიტიკურად და არაშორსმჭვრეტელია... ის, რომ ელჩებს არ სურთ, რომ ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბოს, ქართული ოცნების მხარდაჭერა არ არის… ვერავინ დააძალებს ოპოზიციას, რომ პარლამენტში შევიდეს“, - სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“.
- ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც რაღაც პრობლემის გადაწყვეტაში გვეხმარებიან ჩვენი უცხოელი მეგობრები… ამ ქვეყანაში, სადაც არ გვაქვს ინსტიტუტები, თუ რამის იმედი გვაქვს, ეს არის აშშ“, - ვახტანგ მეგრელიშვილი, „გირჩი“.
- აშშ-ის, გერმანიის და ევროკავშირის ელჩებზე შეტევა არის სიბრიყვე და მავნებლობა. რომელი უფროა და რით არის გამოწვეული - ეს ვერ დავაზუსტე ჯერჯერობით“, - ალეკო ელისაშვილი, „მოქალაქეები“.
- „კატეგორიულად მიუღებელია ის რიტორიკა, რაც გვესმის არა მარტო ნიკასგან, არამედ სხვებისგან დიპლომატებთან მიმართებაში. მიუღებელია როგორც პრინციპულად, ისე პრაგმატულად. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების წარმომადგენელი დიპლომატები არიან საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და მაშინაც კი, როცა ისინი ცდებიან ან ძალიან ცდებიან“, - გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველო“.
- „ელჩებთან მიმართებაში ყველა თავდასხმას ვემიჯნები, რადგან ისინი არიან ჩვენი პარტნიორები და არა რომელიმე მხარის პოზიციის მხარდაჭერა, არამედ ფასილიტაცია და შეთანხმებისკენ სვლა უნდა მოახდინონ“, - გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“.
- „ოპოზიციამ ბოიკოტის პრინციპული პოზიცია დასავლეთის ლანძღვის გარეშე უნდა შეინარჩუნოს, რათა მომავალში მომენტუმის გამოყენება შეძლოს. უგუნური ქცევაა დასავლეთის ლანძღვა იმის გამო, რომ სტატუს-კვოზე დაშენებული რეფორმები ამჯობინა ეკონომიკური კრიზისის პირობებში – მართალია საარჩევნო ყუთის გავლით, მაგრამ მაინც – რევოლუციურ ცვლილებებს, მით უფრო, როცა წინასწარ იცოდა ოპოზიციამ, რომ დასავლეთი ფსონს ყოველთვის პროცედურულ განვითარებებზე ჩამოვა“, - შოთა დიღმელაშვილი, „სირცხვილია“.
„ოცნება“: ოპოზიცია ყალიბდება ანტიდასავლურ ძალად
ანტიდასავლურ რიტორიკაში ადანაშაულებს ოპოზიციას „ქართული ოცნება“, რომელიც თავად არაერთხელ გამხდარა იმავე ბრალდებების სამიზნე ოპოზიციისგან. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუჭავას მტკიცებით, ოპოზიციას თავი მოაქვს პროდასავლურად, სინამდვილეში კი ანტიდასავლურ ძალად ყალიბდებიან.
„მეეჭვება, ამ ყველაფერს სხვა რამე ერქვას, თუ არა თავდასხმა. ერთია გააკრიტიკო, მეორეა შეურაცხყოფაზე გადახვიდე და თავდასხმა განახორციელო არა მხოლოდ ელჩებზე, არამედ ქვეყნებზეც“, - განაცხადა პირველ არხთან კახა კუჭავამ.
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, „ისინი [ოპოზიცია] ცდილობენ ანტიდასავლური სენტიმენტების გაღვივებას ჩვენს საზოგადოებაში, რაც არ გამოუვათ… მათ თვითგანადგურების რეჟიმი აქვთ ჩართული, ეს კარგია იმისათვის, რომ ქართული დემოკრატია ჯანსაღი ფორმით ჩამოყალიბდეს და განვითარდეს“.
საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგების გარშემო პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე ორივე დაპირისპირებული მხარე დიალოგის მზაობას კვლავ გამოთქვამს, თუმცა როდის ჩატარდება მორიგი რაუნდი, ჯერჯერობით უცნობია.