Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: პარტიისთვის უმძიმესი დიაგნოზია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების ის მიზეზები, რომლებიც ვაშაძემ დაასახელა


 არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ მიზეზები, რის გამოც გრიგოლ ვაშაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, პარტიისთვის უმძიმესი დიაგნოზია:

„გრიგოლ ვაშაძის მიერ დასახელებული მიზეზები, თუ რატომ დატოვა პარტია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმძიმესი დიაგნოზია: ანტიდასავლური კამპანია და თავდასხმა პარტნიორებზე; ოდიოზური ფიგურების დაბრუნება; პარტიული სტრატეგიის არარსებობა“, - უთხრა არჩილ თალაკვაძემ პირველ არხს.

დღეს დილით გრიგოლ ვაშაძემ „ფეისბუკით“ აცნობა საზოგადოებას, რომ ის ტოვებდა "ნაციონალურ მოძრაობას".

ვაშაძის თანახმად, პარტიამ ბევრს მიაღწია, მაგრამ არის ფაქტები, რომლებსაც კატეგორიულად ვერ შეეგუება:

"არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე.წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას.

შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.

იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგიათ, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე სდგას", - დაწერა გრიგოლ ვაშაძემ ვრცელ პოსტში.

XS
SM
MD
LG