საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის განცხადებას გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„მე ეს არ მიმაჩნია მთავარ ჩვენს კამპანიად, დროის დახარჯვისთვის განკუთვნილ კამპანიად. აქ საუბარი არის სხვა რაღაცაზე. როგორც გერმანიის ელჩის სრულიად უკბილო თავდასხმები საქართველოს ისტორიაზე. ამას პასუხის გაცემა უნდა, მაგრამ არამხოლოდ ოპოზიციისა და ხალხის მხრიდან, თავმოყვარეობა, რომ ჰქონდეთ, მთავრობა გასცემდა პასუხს. მით უმეტეს, ყურმოკვრით იცი [ელჩმა] რაღაც წმინდანებზე, ისტორიასა და ლიტერატურაზე. ასე ლაპარაკი, მე ვგულისხმობ სრულიად უკბილო გამონათქვამებს, შეურაცხმყოფელს, ქეთევან წამებულზე, არც ელჩის კვალიფიკაციაზე მეტყველებს და არც დიდ გონებრივ შესაძლებლობებზე. პოლიტიკურ დონეზე ჩვენთვის მთავარი მოკავშირე არის, ერთადერთი - ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი. არ არის იდეალური მოკავშირე, ძალიან ხშირად თავის პრინციპებზე ბოლომდე ვერ დგას, მაგრამ უკეთესი ვინ მოიგონა დღემდე. გვაქვს რამე ალტერნატივა?!“, - თქვა სააკაშვილმა „ფეისბუკზე“ პირდაპირი ჩართვის დროს.
ჰუბერტ კნირშმა „იმედის ეთერში“ თქვა: „ვფიქრობ, ასეთი განცხადებები ძალიან სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. მგონი, პრიზები უნდა დავაწესოთ ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის. პირადად ჩემი ფავორიტია ოპოზიციის შედარების იდეა ქეთევან წამებულთან, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით, რომლებიც მისგან მოელიან იმ საშინელი რამის გაკეთებას, რისთვისაც თავად გააკეთა განაცხადი და ეს არის პარლამენტში შესვლა. მინდა მედიასაც ვთხოვო: ყველაფერი, რასაც იტყვიან, იქნებ არ გადავაქციოთ დიდ მოვლენად, რომელზეც დღეების განმავლობაში იქნება საუბარი“.