Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bellingcat-ის გამოძიება: ნავალნი, სავარაუდოდ, ეფესბემ მოწამლა


კომპანია Bellingcat-ისა და რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ერთობლივად ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მტკიცებულებები, რომლებიც, ორგანიზაციების თქმით, აჩვენებს, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი ახლახან რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ეფესბემ) მოწამლა.

„ტელეკომუნიკაციების და მოგზაურობის ბევრი მონაცემის“ შესწავლით, გამოძიება - რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის საგამოძიებო ვებსაიტი Insider-ი, და ასევე ჩართულნი იყვნენ Der Spiegel-ი და CNN-ი - აჩვენებს, რომ 2020 წლის აგვისტოში, ციმბირის ქალაქ ტომსკში ნავალნის მოწამვლის აქტი სულ მცირე 2017 წლის დასაწყისიდან იგეგმებოდა.

„2017 წლის დასაწყისიდან 2020 წლის აგვისტომდე, ეფესბეს მომწამვლელ ნივთიერებებთან მომუშავე, გასაიდუმლოებული უწყების მუშაკები ნავალნის უთვალთვალებდნენ მისი მოგზაურობის დროს რუსეთის მასშტაბით. მათ მასთან ერთად იფრინეს 30-ზე მეტ პარალელურ რეისზე და, როგორც ჩანს, ტომსკის ოპერაციამდე მისი მოწამვლის სულ მცირე ორი მცდელობა ჰქონდათ“, - ამბობს საგამოძიებო ჯგუფი განცხადებაში, რომელიც 14 დეკემბერს გავრცელდა, ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

ნავალნი ამჟამად გერმანიაში იმყოფება, სადაც მკურნალობის კურსს გადის „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ ციმბირში, აგვისტოს ბოლოს. ის თვლის, რომ მასზე ქიმიური თავდასხმის ბრძანება გასცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. კრემლი უარყოფს ინციდენტში მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG