Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი


თეა ახვლედიანი
თეა ახვლედიანი

10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართულ დისკუსიაზე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში პანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმებულ ადამიანის უფლებრივ, ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების ვითარებაზე, რუსეთის მიერ დე ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე, ბორდერიზაციასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, რაც არ შეწყვეტილა პანდემიის ფონზეც კი.

„თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უპრეცედენტო შეზღუდვების კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა და რომელსაც უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხაზი გაესვა ადგილობრივი მოსახლეობის გაუსაძლის პირობებს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე, მედიკამენტებზე და საარსებო საშუალებებზე წვდომის შეზღუდვამ გამოიწვია. აღინიშნა ადგილობრივი სამოქალაქო ატივისტების შევიწროების საკითხი.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ამგვარი რეჟიმის გაგრძელების მიუღებლობას, რომლის შედეგადაც ფაქტიურად მძევლად არის აყვანილი ოკუპირებული რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო უკანონო დაკავებები. საქართველოს დელეგაციამ კვლავ მთელი სიმწვავით დააყენა ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი; ამასთან, განხილულ იქნა ირაკლი ბებუას საქმე, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიუსაჯა“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა შეხვედრის მონაწილეებს, რომ მოხდეს უკანონოდ დაკავებულთა დაუყოვნებლივი და უპირობოდ გათავისუფლება. ხაზი გაესვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმების ერგნეთში შეუფერხებლად მუშაობის და გალში წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობას.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ კვლავ დააყენა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი.

„სამწუხაროდ, რუსეთის დელეგაციისა და დე ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებმა განხილვებში მონაწილეობის მიღებაზე ტრადიციულად უარი განაცხადეს და მოლაპარაკებათა დარბაზი დატოვეს. ქართული მხარე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჰუმანიტარული საკითხების არაპოლიტიკურ ჭრილში განხილვის აუცილებლობას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. თავის მხრივ, საქართველო ადასტურებს მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობის გაგრძელებისთვის მზადყოფნას, რათა ეფექტიანად მოხდეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაწყვეტა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 52-ე რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება.

ასევე ნახეთ: ზაზა გახელაძის დაკავების შემდეგ 5 თვე გავიდა.

ოკუპირებული რეგიონების ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები

ირაკლი ბებუას 9 წელი მიუსაჯეს სეპარატისტული რეგიონის დროშის დაწვისთვის

XS
SM
MD
LG