Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისევ არჩილ თალაკვაძე გახდა


საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. მას პარლამენტმა მხარი 86 ხმით დაუჭირა.

სხდომაზე კენჭი უყარეს ასევე თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურებსაც. პარლამენტის თავმჯდომარეს 3 მოადგილე ეყოლება. დეპუტატებმა ამ თანამდებობაზე მხარდაჭერა გია ვოლსკის, კახა კუჭავასა და დავით სერგეენკოს გამოუცხადეს.

ამ დროისათვის ვაკანტურად რჩება პარლამენტის თავმჯდომარის მეოთხე მოადგილის თანამდებობა, რომელსაც კანონის თანახმად ოპოზიცია იკავებს.

არჩილ თალაკვაძე მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეც იყო. ამ თანამდებობაზე იგი მას შემდეგ აირჩიეს, რაც მისი წინამორბედი ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა. ოფიციალური განცხადებით, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო ინციდენტზე, რომლის დროსაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი მისი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. არჩილ თალაკვაძე მეცხრე მოწვევის პარლამენტს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას მართავს. სხდომას არ ესწრება ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი. მათი დიდი ნაწილი უარს ამბობს მანდატებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.

XS
SM
MD
LG