Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის გარდა, ვის სჯერა, რომ თვითდასაქმებულები ონლაინვაჭრობას დაიწყებენ


დეკემბრის თვის დასაწყისში, როდესაც ხელისუფლებამ ახალი, მკაცრი შეზღუდვები დააწესა, ათასობით ადამიანი სულ მცირე 2 თვით ისევ სამსახურის გარეშე დარჩა. მათი ნაწილის პრეტენზიების საპასუხოდ ერთ-ერთმა მოხელემ განაცხადა, რომ სახელმწიფო თვითდასაქმებულებს საქმიანობას კი არ უკრძალავს, არამედ უზღუდავს და შესაბამისად, გამოსავლად, მაგალითად ყვავილების გამყიდველებს, ონლაინვაჭრობაზე გადასვლა შესთავაზა. რამდენად ადვილია ონლაინვაჭრობის დაწყება და რამდენად ადვილია ამის წამოწყება თვითდასაქმებულებისთვის - რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რა სჭირდება ბიზნესის ინტერნეტში გადატანას.

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ ვაკე-საბურთალოს სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე მეყვავილეებს, ფაქტობრივად, ყვავილების გაყიდვა აუკრძალა. თუკი ისინი საქმიანობას გააგრძელებდნენ ჯარიმების გადახდა მოუწევდათ და შესაბამისად, პატარა მაღაზიებიც დაიკეტა. ნანა ცინაურიძე ერთ-ერთი იყო იმ ათეულობით ადამიანს შორის, ვინც ახალ წლამდე ერთი თვით ადრე სამსახურის გარეშე დარჩა. დღეში ის, დაახლოებით, 20 ლარს გამოიმუშავებდა.

ნანამ და სხვა ყოველდღიურ ანაზღაურებაზე დამოკიდებულმა გარემოვაჭრეებმა და პატარა მაღაზიებში დასაქმებულებმა მუშაობა რეგულაციების შემოღებიდან 2 დღეში შეაჩერეს. საპროტესტო გამოსვლებისას ისინი გააფრთხილეს, რომ თუ საქმიანობას განაგრძობდნენ 2000 ლარით დააჯარიმებდნენ. შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ კი მათ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგიდან გამოსავალი შესთავაზა - ონლაინვაჭრობაზე გადასვლა.

"არ მოხერხდა მაგის გაკეთება, დაკეტილია მაღაზია და ქე ვზივარ აგერ სახლში. უხელფასო და უიმისოდ, ნაქირავებ, სხვის სახლში", - უთხრა რადიო თავისუფლებას ნანამ და მიზეზი ასე ახსნა: "არა, ონლაინვაჭრობაზე არ გაგვიშვეს, მაგი გაკეთებული ადრე უნდა გქონოდათო, სადაც კეთდება ეგ იქ გვითხრეს... რაც გვქონდა დარჩენილი ყვავილები, ისიც არ გაგვაყიდინეს და დავტოვეთ შიგნით".

ონლაინვაჭრობაზე გადასვლა ისე მარტივი, რომ არ არის, როგორც ეს მთავრობის ბრიფინგზე მოსმენის დროს ჩანდა, საქართველოში ციფრული მარკეტინგზე მომუშავე ორი კომპანიის წარმოამდგენლებთან საუბრის დროსაც ნათელი ხდება.

ციფრული მარკეტინგული კომპანია "ელიოტის" ვებპროექტების მენეჯერი, ანასტასია ჭკადუა და ციფრული მარკეტინგის დირექტორი, დავით ქომეთიანი ამბობენ, რომ ონლაინვაჭრობის დასაწყებად ახალი ვებგვერდის შექმნის პროცესი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა პროდუქტია გასაყიდი.

უკვე არსებული პლატფორმების დახმარებით ვებგვერდის დამზადებას შეიძლება 1 კვირა დასჭირდეს, სპეციფიკური, ახალი საიტის გაკეთება კი 1 თვიდან 12 თვემდეც კი შეიძლება გაგრძელდეს. ფასებიც შესაბამისად მერყეობს. ყველაზე მარტივი სივრცის დამზადება შეიძლება 300-დან 2000 ლარამდე დაჯდეს. კომპანიაში საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ყვავილების მაღაზიისთვის შემთხვევაში ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს 1,5 თვე. ეს პერიოდი დასჭირდება ონლაინმაღაზიის დიზაინის შექმნას, გადახდისა და მარაგების სისტემის მიბმას.

საიტის გამართულად მუშაობისთვის საჭიროა მისი ტესტირებაც. მასშტაბური ონლაინგაყიდვების შემთხვევაში კომპანიებს საშუალოდ ერთი წელი სჭირდებათ, რომ პლატფორმა მომხმარებლების ქცევას მოარგონ.

"რამდენად მარტივად შეუძლია აირჩიოს თავისი სასურველი ნივთი, რამდენად შეძლებს დამოუკიდებლად ყიდვას... რამდენად ხშრად შემოდის მომხმარებელი. რამდენად ხშირად აჭერს ღილაკს, ყველაზე აქტიურად რომელ გვერდზე ჩერდება. ამაზე იქნება დამოკიდებული საიტის მომდევნო გადაკეთება", - ამბობს ჭკადუა და დასძენს, რომ საიტის გამართულად მუშაობა პროდუქტის "კარგ გაყიდვებს" მაინც არ ნიშნავს.

"მთავარი პრობლემა არის მომხმარებლის მოყვანა. რეკლამას სჭირდება სწორი ადამიანები, ვინც მართავს, სააგენტო, რომელიც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. დამწყებმა კომპანიამ სჯობს ხარჯების დაზოგვის მიზნით "ფრილანსერი" ეძებოს", - ამატებს ქომეთიანი.

არსებობს ორი მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომელზეც "ელიოტის" ციფრული მარკეტინგის დირექტორი ამახვილებს ყურადღებას. კომპანიების ონლაინგაყიდვებზე გადასვლამ გადატვირთა საკურიერო მომსახურების სერვისიც.

"ნდობის ფაქტორი მნიშვნელოვანია. ისევ ის მომხმარებელი იწერენ ნივთებს, ვინც იწერდა. მომხმარებელი, რომელიც ქუჩაში ყიდულობდა - მისი ქცევა არ შეიცვალა… აქედან გამომდინარე მომხმარებლის ნდობა იქნება რთული მოსაპოვებელი... დღეს არსებულ ბრენდებს დიდი თანხა აქვთ ჩადებული იმაში, რომ შეექმნათ ნდობა", - ამბობს ის.

"თვითდასაქმებულებისთვის სოციალური ქსელით გაყიდვების დაწყება ყველაფრის ნულიდან დაწყებას ნიშნავს", - ფიქრობს My.ge-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, მურთაზ ფუტკარაძე. ლოჯისტიკური პრობლემები, გადახდის სიტემის მიბმა პლატფორმასთან, ნივთის ადრესატამდე მიტანა და ნდობის მოპოვება ამ თავსატეხების გადაჭრა ყველას უხდება, ვისაც ბიზნესი ინტერნეტში გადააქვს.

"ძალიან რთულია გითხრათ, რა დრო იქნება საჭირო ფეისბუქით გაყიდვებისთვის. ეს დამოკიდებულია კონტენტის ხარისხზე. ამ ადამიანებს, ბუნებრივია, ვერ მოსთხოვ ელექტრონული კომერციის პრინციპები იცოდნენ. საშუალოდ, 4-6 კვირა მაინც სჭირდება საბაზისო ცოდნის მისაღებად და იმისთვის, რომ ააწყოს გვერდი, ისწავლოს მისი მართვა და გაუშვას რეკლამა", - ამბობს ის.

არის შემთხვევები, როდესაც ონლაინვაჭრობაზე გადასვლა კომპანიებისთვის უფრო მომგებიანი გამოდგა, რადგან მყიდველისთვის აღმოჩნდა ეს სერვისი უფრო ეკონომიურიც და მოხერხებულიც, მაგრამ უნდა ჰქონდეთ თუ არა ამის თეორიული იმედი, მაგალითად, მათ, ვინც ყვავილებს სასაფლაოსთან ახლოს ყიდდა.

"საკმაოდ რთულია ყვავილის ონლაინ გაყიდვა იმიტომ, რომ უკვე არსებობს საკმაოდ კარგი კომპანიები, რომლებსაც წლები დასჭირდათ მისულიყვნენ ამ ეტაპამდე. მით უფრო, როცა ამ კომპანიებს ჰყავს გუნდი, რომლებიც არჩევს ამ ყვავილებს", - დასძენს ის.

სოციალური ქსელი "ფეისბუკი" აქვს ნანა ცინაურიძესაც, მაგრამ მას ვერცკი წარმოუდგენია, როგორ შეიძლება დასაქმება და შემოსავალი "ფეისბუკს" მიაბას. ამჯერად, მას არც მიზერული დახმარების აღების შანსი აქვს, მათ შორის ერთჯერადი 300 ლარის, რადგანაც სახელმწიფო მოხელე მართალი იყო - სახელმწიფომ ნანას საქმიანობის უფლება პრაქტიკულად კი აუკრძალა, მაგრამ ფორმალურად მხოლოდ შეუზღუდა.

XS
SM
MD
LG