ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება. ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ხელი მოაწერა არჩევნების შემაჯამებელ ოქმს.
თამარ ჟვანიამ ხელმოწერამდე გამოაცხადა თითოეული ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა.
- „ქართული ოცნება" - 90 დეპუტატი, მათ შორის, პროპორციული სისტემით არჩეულია - 60 - (48.22% - 928 004 ხმა);
- ენმ - „ძალა ერთობაშია" - 36 დეპუტატი (27,18% - 523 127 ხმა);
- „ევროპული საქართველო" - 5 დეპუტატი (3,79% - 72 986 ხმა);
- „ლელო" - 4 დეპუტატი (3,15% - 60 712 ხმა);
- „პატრიოტთა ალიანსი" - 4 დეპუტატი (3.14 % - 60 480 ხმა);
- „სტრატეგია აღმაშენებელი" - 4 დეპუტატი (3.15% - 60 671 ხმა);
- „გირჩი" - 4 დეპუტატი (2,89 % - 55 595 ხმა);
- „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" - 2 დეპუტატი (1,33% - 25 508 ხმა);
- „ლეიბორისტული პარტია" - 1 დეპუტატი (1% - 19 314 ხმა).
„გასაგებია, რომ დღეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, მათი თვალთახედვით არის გაყალბებული არჩევნები, სანამ არ მოხდება სასურველი შედეგების დადგომა, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება", - თქვა თამარ ჟვანიამ და დაამატა, - „გვაქვს თმენის ვალდებულება, ძალიან ბევრს ვისმენთ".