ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კმაყოფილება გამოთქვა ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განახლების გამო.
გადაწყვეტილება 2 დეკემბერს მიიღეს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რომელიც პანდემიის გამო ონლაინ-კონფერენციის ფორმატით ჩატარდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ორდღიანი მინისტერიალის შედეგებზე ილაპარაკა 2 დეკემბერს, საღამოს გამართულ ონლაინ-პრესკონფერენციაზე.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ყველა მოკავშირისგან საქართველოს აქვს არა მხოლოდ ძლიერი პოლიტიკური, არამედ პრაქტიკული მხარდაჭერაც, რომელიც ხორციელდება „არსებითი პაკეტის“ გაძლიერებითაც.
„ჩვენ გვაქვს უკვე გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას, კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან და ზრდის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან. იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კონკრეტული ელემენტი, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის უსაფრთხო კომუნიკაციის დაფუძნების თვალსაზრისით წვრთნისა და აღჭურვის ცენტრის საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებასთან მიმართებაში“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტი“ 2014 წელს, უელსის სამიტზე მიიღეს. სამიტის დეკლარაციის თანახმად, „არსებითი პაკეტი“ განავითარებს საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს და დაეხმარება ალიანსში გაწევრიანების მიზნის მიღწევაში. „არსებითი პაკეტის“ ერთ-ერთი შედეგია საქართველოში მოქმედი, ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ცენტრი.
საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, 2 დეკემბერს, ნატოს მინისტერიალზე მოიწონეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ნატოს 2030-ის სტრატეგია, რომელშიც საუბარია, რომ ასპირანტ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში თვისებრივად ახალ და უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიდეს დიალოგი ნატოში გაწევრიანების შესახებ.
2 დეკემბერს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად იმსჯელეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხზეც. ნატომ კვლავ გამოხატა მხარდაჭერა ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონს ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი აგრძელებს საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, სამხედრო ძალებს ზრდის ყირიმში და სულ უფრო აქტიურად განათავსებს საკუთარ ძალებს შავი ზღვის რეგიონში, რასაც ნატო პასუხობს რეგიონში ყოფნის გაძლიერებით ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში. გენერალურმა მდივანმა საქართველოს და უკრაინას უწოდა ნატოს ღირებული პარტნიორები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ალიანსის მისიაში. სტოლტენბერგის თანახმად, ნატო საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს.