Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC: სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს რუსთავში გარემოვაჭრეთა მოთხოვნები


გარემოვაჭრეების პროტესტი რუსთავში
გარემოვაჭრეების პროტესტი რუსთავში

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”(EMC), საქართველოს მთავრობასა და რუსთავის მუნიციპალიტეტს გარემოვაჭრეების საქმიანობის გაგრძელების ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გარემოვაჭრეები, ისევე როგორც სხვა თვითდასაქმებულები ერთჯერადი, 300 ლარიანი დახმარებით კვლავ ისარგებლებენ, თუმცა, გარემოვაჭრეებისთვის პრობლემას წარმოადგენს, როგორც დახმარების გაცემის ბუნდოვანი პროცედურა, ასევე მისი არასაკმარისობა, რამდენადაც ეს მხარდაჭერა ვერ ფარავს მათი ოჯახების სასიცოცხლოდ აუცილებელ მინიმალურ საჭიროებებსაც კი. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი სოციალური მხარდაჭერის პაკეტი ადეკვატურად ვერ უზრუნველყოფს შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულების რეალურ მოთხოვნილებებს. ამის პარალელურად, სახელმწიფოს მხრიდან არსებული შეზღუდვების დარღვევისათვის სანქციის სახით 2000 ლარი არის დაწესებული, რაც არსებული წესრიგის შენარჩუნების მიზნით შესაძლო სოციალური წინააღმდეგობის შეკავების რეპრესიულ და სახიფათო ფორმას წარმოადგენს”, - აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში, რომელშიც ორგანიზაცია საქართველოს მთავრობასა და რუსთავის მუნიციპალიტეტს რამდენიმე წინადადებით მიმართავს.

მათ შორის, განიხილოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სავალდებულო რეკომენდაციების დაცვით გარევაჭრობის დაშვების საკითხი; გადახედოს სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების საკმარისობას და თავსებადობას სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, მათ შორის, გარემოვაჭრეთა უკიდურესად მძიმე ყოფით საჭიროებებთან მიმართებით; უარი თქვას რეპრესიული და სადამსჯელო მეთოდების გამოყენებაზე და შეიმუშაოს და დაუყოვნებლივ დანერგოს სოციალური დაცვის იმგვარი სისტემა, რომელიც შეაფასებს და გაითვალისწინებს არაფორმალურად დასაქმებულთა, მათ შორის, გარემოვაჭრეთა სოციალური დაცვისა და მხარდაჭერის მექანიზმებს.

რუსთავში გარემოვაჭრეებმა, რომლებიც ე.წ. სტამბულის ბაზრის სიახლოვეს ვაჭრობენ, ზედამხედველობის სამსახურის გაფრთხილების მიუხედავად, 30 ნოემბერს სავაჭრო დახლები გაშალეს.

მოვაჭრეებმა დღის პირველ ნახევარში შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს და მესხიშვილის ქუჩა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ იაფი საქონლით ვაჭრობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, რადგან ვერ ხვდებიან ვერც ერთ იმ კატეგორიაში, ვისაც მთავრობა ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები დააწესა. აკრძალულია სავაჭრო ობიექტების მუშაობა, გარდა სურსათის, ცხოველების საკვების მაღაზიების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა.

XS
SM
MD
LG