"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია შედგეს მემორანდუმი, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, რომელშიც ჩაწერილი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრების შემდეგ მან თქვა, რომ სხვა შემთხვევაში ის ქუჩის აქციებით ეცდება მიაღწიოს სასურველ ცვლილებებს.
"წითელი ხაზები უნდა წაიშალოს და მივიდეთ შეთანხმებამდე. ჩემთვის შეთანხმება იქნება ხელახალი არჩევნები", - თქვა ინაშვილმა და შეხვედრების დეტალებზე არ ისაუბრა.
ინაშვილამდე ელჩებთან შეხვედრაზე იყო "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი. მანაც თქვა, რომ არ განიხილება ხელახალი არჩევნების ჩატარების გარდა სხვა ვერსია.
ელჩებთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინდივიდუალური შეხვედრები რამდენიმე დღის წინაც გაიმართა. პარტიების წარმომადგენლები შეხვედრის ადგილს უცვლელი პოზიციებით ტოვებდნენ.
ოპოზიცია ისევ არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, "ქართული ოცნება" კი ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას ზეიმობს. შედეგების უნდობლობის გამო ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ მიზეზით მათთან მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები.