ოპოზიციური პარტიების შეხვედრები აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან გრძელდება. პირველი შეხვედრაზე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი იყო. მან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით მათი მოთხოვნა უცვლელია.
"როგორც საერთაშორისო პრაქტიკაშია მიღებული, ამგვარი მოლაპარაკებიდან შინაარსის გამოტანა დაუშვებელია. რა თქმა უნდა, ეს გარკვეული წლების შემდეგ ცნობილი გახდება, მაგრამ ვიმეორებ, ყველაფერი უცნობი კარგად ცნობილია. ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რაც იყო დეკლარციის ხელმოწერის დროს, პარლამენტი არ უნდა შედგეს. უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, უნდა გამოირიცხოს ძალაუფლების უზურპაცია, ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვა", - განაცხადა ნათელაშვილმა.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციიდან მისი გამოსვლის შემდეგ, შეხვედრაზე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი შევიდა.
ელჩებთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინდივიდუალური შეხვედრები რამდენიმე დღის წინაც გაიმართა. პარტიების წარმომადგენლები შეხვედრის ადგილს უცვლელი პოზიციებით ტოვებდნენ.
ოპოზიცია ისევ არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, "ქართული ოცნება" კი ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას ზეიმობს. შედეგების უნდობლობის გამო ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ მიზეზით მათთან მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები.