Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტს იწყებს


დღეს საღამოს საქართველოს ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ის თბილისში თურქეთიდან ჩამოვა.

ხვალ, 18 ნოემბერს მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები, მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროებში.

მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსაც, თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ქვეყნების მზაობას გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მაიკ პომპეოს ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

საქართველოსა და კიდევ 6 ქვეყანაში მაიკ პომპეოს ვიზიტის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცახადა, რომ პომპეო თბილისში შეხვდება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს, რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების შემდგომი პროგრესისკენ.

მაიკ პომპეოს ვიზიტის გამო, 18 ნოემბერს ოპოზიცია თბილისში გამართავს "ცოცხალი ჯაჭვის" მდუმარე აქციას არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.

საქართველოში ვიზიტამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საფრანგეთსა და თურქეთს ეწვია, თბილისიდან კი ისრაელში გაემგზავრება, შემდეგ კი ტურნეს გააგრძელებს არაბთა გაერთიანებულ საამიროში, კატარსა და საუდის არაბეთში.

XS
SM
MD
LG