კორონავირუსით ინფიცირებულ ყველა პაციენტთან სასწრაფო დახმარების მანქანა გამოძახების შემთხვევაში აღარ მივა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 12 ნოემბერს ის ინსტრუქცია დაამტკიცა, რომლითაც კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვის წესები იცვლება.
ვისთანაც სასწრაფო დახმარების ჯგუფი არ მიდის, ახალი ინსტრუქციით, მათ მკურნალობაში ოჯახის ექიმი ერთვება.
რა შემთხვევაში გადის სასწრაფო გამოძახებაზე?
მხოლოდ მაღალი ტემპერატურა და სიმპტომები საკმარისი არაა იმისთვის, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე გავიდეს. აუცილებელია, რომ პაციენტი იყოს რისკჯგუფში, ამავდროულად ჰქონდეს 38,8 გრადუსი ან უფრო მაღალი ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ჩივილები.
- გამოძახებაზე გასასვლელად აუცილებელია პაციენტს ჰქონდეს ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი ან დიარეა. გარდა ამისა, ის უნდა იყოს 65 ან მეტი წლის, ორსული, ახალნამშობიარები (2 კვირა) ან ჰქონდეს თანმხლები ქრონიკული დაავადებები. მათ შორის ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის უკან დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი.
- ტემპერატურის ქონა/არქონის მიუხედავად, სასწრაფო პაციენტთან გამოძახებაზე მივა, თუ მას აქვს მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი); დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია); ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე) ან კრუნჩხვა.
- გარდა ამისა, ჯგუფი პაციენტთან მიდის, თუ გამოძახება ხდება ქუჩაში/დაწესებულებაში; თუ პაციენტი არის უცხოენოვანი ან თუ პაციენტი არის 5 წლის ან ნაკლები ასაკის მქონე პირი.
როდის ერთვება ოჯახის ექიმი
- ყველა შემთხვევა/გამოძახება გადაეცემა ოჯახის ექიმს თუ პაციენტის ტემპერატურა 38,8 გრადუსზე ნაკლებია, იმის მიუხედავად, ის მიეკუთვნება თუ არა რომელიმე რისკჯგუფს და აქვს თუ არა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები.
- პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) და აქვს ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა;
- აქვს ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა;
- აღენიშნება მხოლოდ ტემპერატურა (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას), არა აქვს გულმკერდის არეში ტკივილი, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ
"როდესაც მოქალაქე ითხოვს მხოლოდ ოჯახის ექიმის კონსულტაციას, აღენიშნება მხოლოდ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ოჯახის ექიმთან არ ხდება შემთხვევის გადამისამართება, თუ მოქალაქეს აღენიშნება გულთან დაკავშირებული პრობლემები, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ." - ვკითხულობთ გაიდლაინში.
დღეს, 16 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრმა ოჯახის ექიმების საძიებო ბაზის შესახებაც ისაუბრა. ახალი ვებსაიტი მოქალაქეს საშუალებას აძლევს პირადი ნომრით გადაამოწმოს, ვინ არის მისი ექიმი, რომელ კლინიკაში მუშაობს და რა ნომერზე დაურეკოს.