საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში სხვადასხვა ტიპის დარღვევები დაფიქსირდა. შუალედურ ანგარიშში გამოყოფილია "კარუსელების", შესაძლო მოსყიდვისა და ჭარბი რაოდენობით კოორდინატორების საარჩევნო უბნებთან მობილიზების შემთხვევები. IRI შეფასებებში მისთვის სანდო ორგანიზაციებს "სამართლიან არჩევნებს", "საიას", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და ეუთო/ოდირის წარმომადგებლობას ეყრდნობა.
"დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული სხვა დარღვევები მოიცავდა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ ტენდენციებს: უბანზე პარტიის წარმომადგენლების ზედმეტად დიდი რაოდენობა; როგორც უბანზე, ასევე უბნის გარეთ პარტიის კოორდინატორების ჭარბი რაოდენობა, რომლებიც ერეოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობასა და ხმის მიცემის პროცესში; ხმის მოსყიდვის შესახებ არსებული მტკიცებები; ე.წ. კარუსელის სქემის გამოყენება და სხვა სახის დარღვევები", - ვკითხულობთ შუალედურ ანგარიშში.
ორაგანიზაცია აცხადებს, რომ საარჩევნო სუბიექტების 80,8 ათასი, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 47 ათასამდე და მედიის 6 ათასამდე წარმომადგენელი ხმის მიცემის პროცესს ქაოტურად აქცევდა:
"არსებობს ეჭვი, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხშირად ჟურნალისტებად რეგისტრირდებიან, რათა უბნებზე დაშვებულზე მეტი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი".
ორგანიზაცია არჩევნებზე მისული ამომრჩევლის აქტივობაზე (56,11%) დაყრდნობით აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით აქტივობა გაიზარდა.
31 ოქტომბრის არჩევნების შეფასებისას IRI ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებას ეყრდნობა და აღნიშნავს, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი კონსტიტუციური უფლებების დაცვით ჩატარდა.
"შედეგების შეჯამების პროცესის გარდა, ტექნიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა ეფექტურად იყო განხორციელებული", - აღნიშნულია ანგარიშში.
საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს ზღვარგადალახული პარტიებიდან მხოლოდ "ქართული ოცნება" ენდობა. ოპოზიციური პარტიები კი, რომლებიც აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" დაამარცხეს, არჩევნების შედეგებს არ ენდობიან, არც მეორე ტურში აპირებენ მონაწილეობის მიღებას და არც პარლამენტში შესვლას.