Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მომზადებული დიალოგის პროცესი ჩაიშალა


გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ლაპარაკობს ხელისუფლებასთან ჩაშლილი დიალოგის შესახებ. სწორედ, ამას უკავშირებს ვაშაძე საკუთარი განცხადების გამოქვეყნებას.

„განცხადების გამოქვეყნების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩაიშალა, რომელიც მომზადებული იყო ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლების მიერ“, - თქვა ვაშაძემ.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად არაერთხელ ჰქონდა დიპლომატებთან კომუნიკაცია. ის კონკრეტულად არ ასახელებს, რომელი საელჩოები და დიპლომატიურ წარმომადგენლობები მონაწილეობდნენ პროცესში.

„დავკარგეთ ეს დრო, ჩაიშალა. ახლა უნდა გამართულიყო დიალოგი“, - დაამატა ვაშაძემ.

ინტერვიუში ვაშაძემ ისიც თქვა, რომ რადგან დიალოგი ჩაიშალა, ახლა თითის გაშვერა არაფერს შველის: „ყველა დამნაშავეა, აბსოლუტურად".

ენმ-ის თავმჯდომარე გადაჭრით ვერ ამბობს, დიპლომატები პროცესში მონაწილეობისთვის კვლავ მზად არიან თუ არა. „ამ წუთში არ ვიცი არიან თუ არა დიპლომატები მზად. რადგან ჩაიშალა, ეს ადამიანები [დიპლომატები] არ დაიწყებენ თეთრებად და შავებად გაყოფას. [იტყვიან] ჩაიშალა - „ყველანი [ხელისუფლება და ოპოზიცია] ხართ დამნაშაავეები", - ამბობს ვაშაძე.

შეკითხვაზე, რატომ ჩაიშალა? ვაშაძე პასუხობს: „ვერ მოგიყვებით". მას დიალოგის აღდგენის ნაკლები იმედი აქვს.

გრიგოლ ვაშაძე დღევანდელ პირობებში პარლამენტში შესვლას წარმოუდგენლად მიიჩნევს: „დღევანდელ პირობებში იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ იდეოლოგია და ღირებულებები, პარლამენტში შესვლა, ჩვენთვის პარლამენტში შესვლა წარმოუდგენელია. თუ არსებობს რამე გამოსავალი, ეს არის კომბინირებული მიდგომა - პროტესტი და დიალოგი. დიალოგი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ საათის საწინააღმდეგოდ გავრბივართ... თუ ვაკეთებთ, სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ, მერე ნურავინ ნუ ჩადგება ამაყ პოზიციაში".

გრიგოლ ვაშაძემ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ის პოლიტიკურ პარტიებს მიმართავდა, პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიტანონ და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩაანაცვლონ.

მოგვიანებით ვაშაძემ განმარტება გამოაქვეყნა.

XS
SM
MD
LG