Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში არეულობა დაიწყო. ფაშინიანს ბრალს დებენ კაპიტულანტურ შეთანხმებაში


11 ნოემბრის შუაღამით რამდენიმე ასეული მოქალაქე შეიჭრა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო კაბინეტში, გარდა ამისა ერევნის ქუჩებში გამოსულია უამრავი ადამიანი და მოითხოვენ ფაშინიანის გადადგომას მთიანი ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ეთნიკური სომხების კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე უარის თქმის გამო.

იუწყებიან, რომ დემონსტრანტებს მთლიანად აქვთ დაკავებული მთავრობის სახლი.


მანამდე ცნობილი გახდა, რომ სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი შეთანხმდნენ ცეცხლის სრულმასშტაბიან შეწყვეტაზე მთიან ყარაბაღში, რასაც ნიკოლ ფაშინიანმა უწოდა „წარმოუდგენლად მტკივნეული“ შეთანხმება.



ცეცხლის შეწყვეტის გარდა, ფაშინიანი ვალდებულებას იღებს 20 ნოემბრამდე დაუბრუნოს აზერბაიჯანს სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი აგდამისა და გაზახის რაიონები. 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს კელბაჯარის რაიონს, ხოლო 1 დეკემბრამდე - ლაჩინის რაიონს. სამაგიეროდ სომხეთი იტოვებს 5 კილომეტრის სიგანის ლაჩინის დერეფანს, რომლითაც სომხეთი შეინარჩუნებს მიმოსვლას მთიან ყარაბაღთან.

უსაფრთხოებას ამ არეალში დაიცავს დაახლოებით 2000 კაციანი რუსეთის სამშვიდობო ქვედანაყოფი, რომლის შესახებ ასევე არის საუბარი სამმხრივ შეთანხმებაში.

ამ ცნობას მოჰყვა მასობრივი გამოსვლები სომხეთში, სადაც 10 ნოემბერს რამდენიმე ოპოზიციურმა გაერთიანებამ მოითხოვა ნიკოლ ფაშინიანისა და მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მას შემდეგ, რაც ერევანმა აღიარა მთიან ყარაბაღის სტრატეგიულ ქალაქ შუშაზე კონტროლის დაკარგვა.

"გარდაუვალი დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, შექმნილი კატასტროფული ვითარებიდან გამომდინარე მოვითხოვთ ნებაყოფლობით დატოვოს პოსტი პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და მისმა მთავრობამ. მოვითხოვთ სასწრაფოდ შეიქმნას აღმასრულებელი ორგანო, რომელიც გადაჭრის სამხედრო-პოლიტიკურ პრობლემებს და მოახერხებს ამ სიტუაციის გარღვევას“, - ნათქვამია სომხეთის 17 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში.

სხვა პარტიების გარდა განცხადებას ხელს აწერენ ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის რესპუბლიკური პარტია, „დაშნაკციუტუნი“ და ასევე ხელისუფლების მიერ ბრალდებული ოპოზიციონერ გაგიკ ცარუკიანის პარტია, „აყვავებული სომხეთი“.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა რამდენიმე რაიონზე. ორივე მხარეს დაღუპულია ასეულობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები.
აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა.

XS
SM
MD
LG