საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ცესკოსთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია - იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ადეკვატურად უპასუხოს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და შექმნას პოლიტიკური დიალოგის მექანიზმი, საქართველოს მოქალაქეებს უწევთ პოლიციის პირისპირ დგომა, სიტუაცია კი უფრო და უფრო რთულად სამართავი ხდებაო.
საია განმარტავს, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი გაფრთხილება. პოლიცია კი უნდა შეეცადოს, მიყენებული ზიანი იყოს მინიმალური და თანაზომიერი. ამავე დროს, გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა გათვალისწინებით, წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ გაუმართლებელია - ნათქვამია განცხადებაში.
საია აცხადებს, რომ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. პოლიტიკური კრიზისები კი ძალის გამოყენებით არ უნდა წყდებოდეს, არამედ კონსენსუსით და შეთანხმებით. ხელისუფლებას ამ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებაო - ნათქვამია მიმართვაში.