Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ“ - მარის მშობლები რამდენიმე საათის ინტერვალით გარდაიცვალნენ


„ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ! თქვენი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის და არასწორი ტესტის პასუხის გამო ვართ ასეთ დღეში“, - ასე მიმართა მარი კაკაურიძემ 5 ნოემბერს, სოციალური ქსელის საშუალებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას.

ამ სტატუსის გამოქვეყნებიდან მალევე, ჯერ მარის დედა, რამდენიმე საათში კი მამაც გარდაიცვალა. 54 წლისები იყვნენ და ხონის რაიონში, სოფელ კონტუათში ცხოვრობდნენ. მარის დედა დაწყებითი კლასის მასწავლებელი იყო.

რადიო თავისუფლება მარის 5 ნოემბერს, გვიან ღამით დაუკავშირდა. მარის მამა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, „გორმედის“ ქსელის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა და მარის თქმით, საჩხერის კლინიკაში გადასაყვანად ამზადებდნენ: „დამირეკეს, გადაგვყავს საჩხერეშიო. ველით, არ გადაუყვანიათ ჯერ. დედა სხვა საავადმყოფოში გარდაიცვალა. მე თბილისში ვარ, თვითიზოლაციაში. მეტს ვერაფერს გეტყვით, არ შემიძლია“.

პოსტი მშობლების COVID-ინფიცირების, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციისა და სასწრაფო რეანიმაციული საჭიროების შესახებ, მარიმ სოციალურ ქსელში 5 ნოემბერს, შუა დღისას გამოაქვეყნა.

მარიმ დაწერა, რომ მისი მშობლები, რომლებიც კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სახლში მკურნალობდნენ. მარი წერდა იმაზეც, რომ ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ ჩატარებულმა PCR ტესტმა, მამის კოვიდ-ინფიცირება არ დაადასტურა, სახლში გაწერეს, თუმცა, მისი მდგომარეობა მალევე დამძიმდა:

„თბილისიდან ჩასულს მამა დამხვდა ცუდად, ვრეკავ 112-ში და ველოდები მათ 2 საათი. არავინ მოდის, ჩემით მიმყავს „გორმედის“ კლინიკაში. გზაში გამიხდა უფრო ცუდად, ვიძახებ სასწრაფოს და მოდიან 30 წუთში, დაახლოებით. მამასთან არავინ ჯდება მედპერსონალი და მე დავუჯექი! „გორმედში“ მისულები 1 საათი დაახლოებით დერეფანში ვიყავით, არავინ გაუკეთა დამამშვიდებელი, სანამ არ ვიყვირეთ. გამოჩნდა 2 ღვთისნიერი ექიმი და იმათ მიმიხედეს და მომიყვანეს დღემდე! ახლა, მამას სჭირდება სასწრაფო რეანიმაცია 2 დღეა და არაფერია! 1505 112-ს მიმართეო, 112-მა ექიმები აგვარებენო. ექიმმა შენ იპოვე ექიმიო! მამას აქვს კოვიდი და ინსულტი“.

რაც შეეხება დედას, მის შესახებ მარი წერდა:

„დედას არ გაუკეთეს ტესტი, რადგან ფეხზე იდგა და უფრო უკეთ იყო! „ბომონდში“, თხოვნით, ერთი გადასხმა გაუკეთეს და გაუშვეს სახლში! მეორე დღეს ცუდად გახდა, გამოვიძახე სასწრაფო და წაიყვანეს „უნიქალმედში“! იყო მიმღებში 2 დღე და არა პალატაში! პირველ დღეს გაუკეთეს გადასხმები, მეორე დღეს არაფერი და მესამე დღეს დამძიმდა. მადლობა მის ექიმს ვასო ფარცხალაძეს შეუძლებელს აკეთებს დედასთვის! დედასაც ესაჭიროება რეანიმაცია“!


მარის მამის გარდაცვალების ფაქტს, უფრო ზუსტად კი PCR ტესტის პასუხს, რომელმაც პაციენტის ინფიცირება არ დაადასტურა, კლინიკა „ბომონდი“ 6 ნოემბერს, დილით გამოეხმაურა.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, 30 ოქტომბერს, პაციენტმა კლინიკის ცხელების ცენტრს მიმართა ცხელებითა და რესპირატორული ჩივილებით. ჩაუტარდა კოვიდ-დიაგნოსტიკა- გაუკეთდა PCR კვლევა და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაყოვნდა ცხელების ცენტრში, სადაც უტარდებოდა სიმპტომური მკურნალობა: „გაუკეთდა გულ-მკერდის რენტგენი და ლაბორატორიული კვლევები. რადგან PCR კვლევით პაციენტს კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა და მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, მან 3 ნოემბერს, დილით, კლინიკა დატოვა და მიეცა რეკომენდაცია მკურნალობა გაეგრძელებინა შესაბამისი პროფილის ექიმთან. გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპზე, კლინიკა მხოლოდ კოვიდ-დადებით პაციენტებს იღებს, სხვა პათოლოგიის მქონე პაციენტების მიღება და დაყოვნება არ შეუძლია“, - აცხადებენ კლინიკაში.

რადიო თავისუფლება სამედიცინო ქსელ „გორმედის“ გენერალურ დირექტორს, გია სვანაძე დაუკავშირდა. 54 წლის კაკაურიძე, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, გარდაცვალებამდე, სწორედ ამ სამედიცინო ქსელში მკურნალობდა.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, გია სვანაძე მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ „გორმედის“ ხაშურისა და გორის კლინიკებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს, რამ გახდა 54 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი - დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაცია, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის არასათანადო კლინიკურ მართვა, რეანიმაციული ჩარევის შეფერხება თუ სხვა რამ, გენერალური დირექტორი გვეუბნება, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა და მას ჟურნალისტს ვერ მიაწვდის.

რაც შეეხება კლინიკა „უნიქალმედს“, სადაც მარის დედა გარდაიცვალა, მისი ხელმძღვანელი, შოთა მარუაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გარდაცვლილი პაციენტის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

"ყოველივეზე პასუხისმგებლობის აღება ექიმებს გაუჭირდებათ“

54 წლის ცოლ-ქმრის გარდაცვალების ფაქტს, 6 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. მისი თქმით, ის, რომ პაციენტს პირველი PCR ტესტით არ დაუდასტურდა კოვიდ-ინფექცია, არ მეტყველებს იმაზე, რომ რაიმე ხარვეზი იყო ტესტირების კომპონენტში:

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ნებისმიერ დღეს და ნებისმიერ წუთს ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რომ შეიძლება დავინფიცირდეთ და სწორედ აქედან გამომდინარე, პირველი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავი უნდა დავიცვათ და დისტანციის არ დაცვა გვაყენებს ყველაზე დიდ ზიანს. ჯანდაცვის სექტორი, რა თქმა უნდა, იღებს ყველა ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას და ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. თუმცა, ისეთი შემთხვევები, რომლებიც უკვე რთულდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ან გვიან დაფიქსირებული შემთხვევიდან გამომდინარე, ამ ყოველივეზე პასუხისმგებლობის აღება და პასუხის გაცემა, ექიმებს გაუჭირდებათ“.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ მოხდა ან დაგვიანდა თუ არა პაციენტების რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა, მინისტრი პასუხობს:

„ამ გადაწყვეტილებებს ადგილზე იღებენ ექიმები, საჭიროებისა და შედეგების მიხედვით. აქედან გამომდინარე, ასეთი დეტალების განხილვა მინისტრის მხრიდან, ვთვლი, რომ პაციენტთან, დაზარალებულთან და ექიმებთან მიმართებაში არის არაკორექტული. ეს დეტალები განსახილველია კლინიკურ ჯგუფთან. სამინისტროში არსებობს რეგულირების სააგენტო, რომელიც თითოეულ შემთხვევას, რა თქმა უნდა, სწავლობს და სამომავლოდაც, აუცილებლად შეისწავლის“.

მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის განცხადებებისა, რომ ქვეყანა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას სათანადოდ მართავს, ამ ეტაპზე, არ არის კლინიკებში საწოლებისა თუ ადამიანური რესურსის დეფიციტი, როგორც სოციალურ ქსელში, ისე სხვა სივრცეში, ყოველდღიურად მატულობს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც წერენ და ამბობენ, რომ უჭირთ როგორც 112-თან დაკავშირება, ისე დღეების განმავლობაში ელიან ოჯახის ექიმების ზარს, რათა მიიღონ ბინაზე მკურნალობისათვის საჭირო რეკომენდაციები ან შეატყობინონ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან ინფიცირებულები, რომლებიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან და ბინაზე აგრძელებენ მკურნალობას.

კლინიკებში შექმნილ სირთულეებსა და თავისუფალი საწოლების არ არსებობაზე, რადიო თავისუფლებას თითქმის ყოველდღიურად ელაპარაკებიან კოვიდ-კლინიკებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმები.

6 ნოემბერს, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს სხვადასხვა პროფილის ექიმების მობილიზება, მათ შორის სტუდენტებისა და პენსიონერი ექიმების ჩათვლით.

6 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დღიური ინფიცირებისა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამავე თემაზე:

COVID-ექიმი: ვიღაცისთვის ყოველი ახალი სიკვდილი შეიძლება სტატისტიკაა, ჩვენთვის - ჯოჯოხეთი

ექიმები: „ადგილები აღარ არის“ VS მთავრობა: „ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს“

სასწრაფოს ექიმი: ნუ დაგვიმალავთ სიმპტომებს, დაგვინდეთ, ექიმების გარეშე არ დავრჩეთ

XS
SM
MD
LG