„ვიღაცისთვის, ყოველ დილით გამოცხადებული რიცხვები, რომ კოვიდით გარდაიცვალა რვა, თხუთმეტი, ოცი, ოცდაოთხი პაციენტი, შეიძლება უბრალოდ რიცხვები, სტატისტიკა და მეტი არაფერია, მაგრამ ჩვენ ვერ მივეჩვიეთ“, - ამბობს მარი (სახელი შეცვლილია), ერთ-ერთი რეგიონული კოვიდ-კლინიკის ექიმი. მას საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს.
მარის ერთი პაციენტი გუშინ წინ გარდაიცვალა, 60 წლის ქალი. დაგვიანებული შემთხვევა იყოო, გვეუბნება. პაციენტის შვილმა თქვა, საავადმყოფოში არ მომყვებოდა, ამბობდა, უბრალო გაციებაა, არაფერი დამემართებაო. ექიმის თქმით, ქალი კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს. მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. ახლა კიდევ ერთ მძიმე პაციენტზე დარდობს. ხანდაზმული ქალი სიკვდილს რეანიმაციაში ებრძვის. მისი გადარჩენის შანსი მინიმალურია:
„ექიმისთვის ძნელია შეეგუოს პაციენტის სიკვდილს. თითქოს მარცხდები და ეს გრძნობა ძალიან მტკივნეულია. დღეს ეს შეგრძნება ყველაზე მძაფრად მაქვს, რადგან ვირუსით გარდაცვლილი პაციენტების სიკვდილი ყოველ დღე იმატებს. ყოველ დღე ვკვდები მათთან ერთად. საშინელი განცდაა, როცა ხვდები, რომ ყველა რესურსი ამოწურე და ვეღარ ეხმარები“.
ექიმებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძნელი მომენტი მაშინ დგება, როცა COVID-ით გარდაცვლილი პაციენტის ჭირისუფალს დაკრძალვისთვის აუცილებელი წესების შესრულება უწევს. წესები მკაცრია.
„ამ ვირუსით გარდაცვალებამ, სიკვდილი კიდევ უფრო მძიმე გახადა. კოვიდ-პაციენტი, რომ გვიკვდება, ვათავსებთ სპეციალურ შავ, ე.წ. გვამის ჩანთაში. ნათესავებმა საავადმყოფოშივე უნდა მოიტანონ სასახლე, წაასვენონ და დროულად დაკრძალონ. მიცვალებულის სახლში წაყვანა არ შეიძლება. ძალიან ძნელია, როდესაც გარდაცვლილის ახლობელი მოდის და გთხოვს, რომ ერთი ღამით ან თუნდაც რამდენიმე საათით, გარდაცვლილი კლინიკაში დავტოვოთ, რომ მანამდე დაკრძალვისთვის საჭირო საკითხები მოაგვარონ, სიკვდილზე დამატებული სიკვდილია. ჭირისუფალი თვლის, რომ გარდაცვლილს სათანადო პატივს ვერ სცემენ, ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მათ მდგომარეობას. ამის ყურება ძალიან ძნელია“.
ასე დაკრძალა მარიმ რამდენიმე დღის წინ 70 წლის ბიძა. რომელსაც კორონავირუსი ოქტომბრის ბოლოს დაუდასტურდა, ინფიცირებიდან მალევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და მეთერთმეტე დღეს, რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა:
„ორ საათში გაუჭრეს ბიძაჩემს საფლავი, სახლის ეზოში მივასვენეთ ცოტა ხნით და შემდეგ დავკრძალეთ. ცოტა ხნის წინ შეეძინა შვილიშვილი, მეორე შვილიშვილს ელოდებოდა. სიცოცხლით სავსე კაცი იყო და უცებ გამოგვეცალა ხელიდან. ხშირად ვიმშვიდებთ ხოლმე გულს, რომ აი, ეს თანმხლები დაავადება ჰქონდა, ის ქრონიკული დაავადება ჰქონდა და იმიტომ გარდაიცვალა. არანაირი დაავადება არ ჰქონია ბიძაჩემს. იყო ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე, აქტიური ადამიანი, რომელიც მუშაობდა, ოჯახს უვლიდა. არც დიაბეტი ჰქონდა, არც წნევა აწუხებდა. როგორც კი მისი ინფიცირება დადასტურდა, მაშინვე ჩავერთე მკურნალობის პროცესში. გადავუღე კომპიუტერული ტომოგრაფია, ყველა საჭირო ანალიზი გაუკეთდა. ტომოგრაფიამ პნევმონია, ფილტვის 10%-იანი დაზიანება აჩვენა, თუმცა, მისი მდგომარეობა არ იყო რთული და ამიტომ მკურნალობას აგრძელებდა ბინაზე. მისი მდგომარეობა ინფიცირებიდან მეხუთე დღეს დამძიმდა, გადმოვიყვანეთ კლინიკაში, მაგრამ მეთერთმეტე დღეს გარდაიცვალა. ფილტვები მთლიანად განადგურებული ჰქონდა“.
არის დღეები, როცა კლინიკა, სადაც მარი მუშაობს, ახალი ინფიცირებულების მიღებას ვეღარ აუდის. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები პაციენტებს პირდაპირ კლინიკის შესასვლელში ტოვებენ:
„ასეთ დღეებში უკონტროლო ხდება ხოლმე სიტუაცია. იმიტომ კი არა, რომ მიღება არ გვინდა, არა, ფიზიკურად ვეღარ ვახერხებთ, რესურსი არ გვყოფნის. არადა, სასწრაფოს უახლოეს კლინიკამდე მოჰყავს პაციენტი სუნთქვის მძიმე უკმარისობით. და შენ როგორი ექიმი იქნები, მის მიღებაზე უარი რომ თქვა. შემოგყავს ასეთი პაციენტები და პირდაპირ დერეფანში იწყებ ინტუბირებას. ეს ჩვენთვის ჯოჯოხეთია“.
პაციენტების მატებასთან ერთად, ქვეყანაში მატულობს ინფიცირებული მედიკოსების რიცხვი. 4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, 209 სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა. ჯამში, ინფიცირებული ექიმების რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს.
მარის თქმით, იმ რეგიონში, სადაც ის მუშაობს, რამდენიმე კლინიკაში ექიმების დეფიციტის პრობლემაც დადგა. ამ ეტაპზე, მის კლინიკაში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა არ არის:
„ყოველი დატესტვის შემდეგ, პასუხები რომ მოდის და ექიმებიცა და ექთნებიც კოვიდ-ნეგატიურები ვართ, ზეიმი გვაქვს ხოლმე. ახლა გაცილებით მეტი ყურადღების გამოჩენა გვმართებს. პაციენტების რიცხვის მატება ჩვენი ინფიცირების ყოველწამიერ რისკს ზრდის. გადაღლა, სიჩქარე, ყველაფერი ეს ძალიან მოქმედებს. რთულია, როცა საათების განმავლობაში, სკაფანდრში გახვეულს გიწევს ყოფნა. ძალიან რთულია, როდესაც იხდი ამ სკაფანდრს და თან ფიქრობ, რაიმე არ შეგეშალოს, ხომ ზუსტად აკეთებ ყველაფერს, იცავ ყველა წესს. სამწუხაროდ, სწორედ ამ დროს ინფიცირდება ექიმებისა და ექთნების დიდი ნაწილი. ჩვენს კლინიკაში ექთნებად ძირითადად სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე, მეხუთე კურსის სტუდენტები მუშაობენ. უკვე ისე გაიწაფნენ ამ აღჭურვილობის ჩაცმა-გახდაში, აქეთ გაძლევენ შენიშვნას, თუკი, შემთხვევით, რაიმე გამოგეპარა. ჰოდა, არაფერი არ უნდა გაგეპაროს, იმიტომ კი არა, რომ გეშინია ინფიცირების, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა გაკისრია, ჯერ პაციენტების, შემდეგ თანამშრომლებისა და ბოლოს ოჯახის წინაშე. ჩემს უკან მოხუცი დედა, დედამთილი დგას. ჩემი შვილი დგას“.
5 ნოემბერს, საქართველოში, კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ყოველდღიური ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისში, 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
5 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში, ბოლო 24 საათში, 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 401-მდე გაიზარდა.
5 ნოემბერს, ქვეყნის პრემიერმა, გიორგი გახარიამ, რომელიც თავადაც ინფიცირებულია, განაცხადა, რომ ქვეყენაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 26%-დან 15%-მდე უნდა დავიდეს.
ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი კი ამბობს, რომ კლინიკებში მხოლოდ მძიმე პაციენტები მოხვდებიან.
ჰოსპიტალური სისტემის დატვირთვის შესამსუბუქებლად, მთავრობის განცხადებით, კოვიდ-სასტუმროებში თერაპიული მართვის ელემენტები უნდა შევიდეს და დაიხვეწოს ბინაზე მკურნალობის მეთოდები ჯანდაცვის პირველადი რგოლის ჩართულობით.