Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: ერთი პარტია პარლამენტში არ არის კარგი ნამდვილად


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ილაპარაკა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმად, ყველა მათგანი უარს ამბობს პარლამენტის წევრის მანდატზე. დეპუტატის შეფასებით, არ არის კარგი, როდესაც პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტიაა.

„რაც არ უნდა პატიოსნად უდგებოდე საკითხს და შენი ქვეყნის მომავალზე ფიქრობდე, ერთი პარტია პარლამენტში არ არის კარგი ნამდვილად. მე იმედი მაქვს და ჩვენს გუნდს იმედი აქვს იმისა, რომ ისინი [ოპოზიციური პარტიები] მართლაც გონს მოეგებიან და სპეკულაციური მიდგომებით გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. რიგ შემთხვევაში შეიძლება, რაღაც საჩივარი იყოს არგუმენტირებული, ამასვე მოვუწოდებთ ჩვენ ცესკო-ს, რომ დეტალურად შეისწავლონ, რომ კითხვები არ დარჩეს. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ინტერესი. ჩვენზე მეტად დაინტერესებული არ მგონია ახლა ვინმე იყოს, დეტალურად ბოლომდე გაირკვეს, რომელიმე უბანზე თუ რაღაც პრობლემა და რეალური ხარვეზია, იმის გამოსწორებით“, - თქვა მდინარაძემ ბრიფინგზე.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს.

დოკუმენტს ხელს აწერენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „მოქალაქეები“, „ლეიბორისტული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპული დემოკრატები“, „კანონი და სამართალი“, „ერთიანი საქართველო“ და, პაატა დავითაიას ინფორმაციით, ასევე, „პატრიოტთა ალიანსი“.

ოპოზიცია 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გეგმავს საპროტესტო აქციას.

XS
SM
MD
LG