Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ითხოვს, მელიას დაუბრუნდეს ჩამორთმეული უფლებები 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ


საქართველოს პროკურატურა მოითხოვს, რომ ნიკა მელიას, მოხსნილი ელექტრონული სამაჯურის სანქციად, შეეფარდოს 100 000-ლარიანი გირაო და, ამავე დროს, დაუბრუნდეს ჩამორთმეული უფლებები.

ნიკა მელია ბრალდებულია 20-21 ივნისს „ჯგუფური ძალადობის“ საქმეზე. გასულ წელს, მას სასამართლომ შეუფარდა 30-ათასლარიანი გირაო, აუკრძალა სახლის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, ჩამოართვა პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რამდენიმე დღეში მელიას ელექტრონული სამაჯური შეაბეს, მასზე ელექტრონული მონიტორინგისთვის.

ნიკა მელიამ სამაჯური დემონსტრაციულად, ხალხმრავალ აქციაზე მოიხსნა კვირას.

დაუმორჩილებლობის გამო, პროკურატურას სასამართლოსგან უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა მოეთხოვა, მაგალითად, პატიმრობა. თუმცა ბრალდება სასამართლოს სთხოვს, დაუბრუნოს მელიას პასპორტი, განცხადების გაკეთებისა და სხვა ჩამორთმეული უფლებები და ამის სანაცვლოდ, აღკვეთის ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდოს. დამატებით, პროკურატურა ითხოვს, მელიას საზღვრის კვეთამდე უწყებისგან ნებართვა სჭირდებოდეს.

ნიკა მელიას ადვოკატის აზრით, პროკურატურა რეალურად უფრო მსუბუქ სასჯელს მოითხოვს. ადვოკატი ბრალდების პოზიციას პოლიტიკური პროცესებით ხსნის და იხსენებს „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს, რომ მელიას დაკავება „პოლიტიკურად არ იქნებოდა სწორი“.

ნიკა მელია და მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, უარს ამბობენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოფიციალური მონაცემებით მიღებულ მანდატებზე და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG