ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესის ხელყოფის მცდელობები - ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა - მიუღებელია, თუმცა შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი.
„ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მოთმინება, რათა პროცესი წარიმართოს წყნარად, მშვიდობიანად და პატივისცემით, საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში“, - აცხადებს საელჩო.
ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომლის თანახმად „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა“.
საელჩო მოუწოდებს ყველა პარტიას გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ამომრჩევლებისა და პარტიების მიერ არსებული სამართლებრივი პროცედურების გამოყენებას არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების წარსადგენად. მნიშვნელოვანია, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დასაბუთებული დარღვევის მიუკერძოებელი გამოძიება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჩივრებზე რეაგირება. სარწმუნო საჩივრების სამართლიანად, გამჭვირვალედ და დროულად გადაწყვეტა მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მიმართ“, - აცხადებს საელჩო და განაგრძობს:
„ამ არჩევნების წინა პერიოდში მიღებულ რეფორმებში გათვალისწინებული იყო წინა არჩევნებზე დაფიქსირებული ზოგიერთი ხარვეზი. ჩვენ მოვუწოდებთ მომდევნო მოწვევის პარლამენტს, გაატაროს დამატებითი რეფორმები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც აღნიშნულია ოდირის საარჩევნო შეფასებებში“.
შეერთებული შტატები გააგრძელებს არჩევნების მიმდინარეობაზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის, საჩივრების განხილვაზე, აპელაციის პროცესსა და მომდევნო რაუნდის კამპანიაზე.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ არ შევა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში.
მოქალაქეები და პოლიტიკოსები აპროტესტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, ხელისუფლებას კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ არა დარღვევები, „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში ვეღარ მოვიდოდა.