Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ მინისტრი: ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა


საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე მან ხმა მისცა მომავალს და ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება.

„მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს; სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების და ღირსების ფასი; ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს. რა თქმა უნდა, ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა“, - თქვა გახარიამ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

XS
SM
MD
LG