„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის 30 ოქტომბერს განცხადების საფუძველზე ფაქტების შესწავლა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შსს-ს განცხადებით, საქმე ეხება არჩევნების პერიოდში გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას, ასევე, საჯაროდ დასახელებულ კონკრეტულ პირებს,
როგორც შსს აცხადებს, ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის გამოკითხვები. „პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტზე", - აღნიშნავს სამინისტრო.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ „ფეისბუკზე" დაწერა, რომ „კრიმინალური ოპოზიცია გეგმავს საარჩევნო უბნებზე დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას. ამ მიზნისთვის მათ ივნისის თვიდან, სხვადასხვა რეგიონებში, ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების (ყოფილ შსს-ს თანამშრომელთა, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა) ჯგუფები. ჯგუფები დაყოფილია შემდეგი პრინციპით: ოცეულები, ათეულები და მათი ხელმძღვანელები ე.წ. „სარდლები".
როგორც კობახიძე აღნიშნავს, ამ ჯგუფების უკან დგანან ადამიანები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს, დააფინანსეს, დაგეგმეს და პროვოკაციების მოსამზადებლად უკვე განახორციელეს კონკრეტული ქმედებები.
„ახალი და კიდევ უფრო დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, ეს ადამიანები არიან ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე, ტარიელ აბუაშვილი, ვარლამ (ვალერი) ლორთქიფანიძე, შენგელი (ვიტალი) ბექაური, არჩილ ომიაძე, ბესო ნადირაძე", - წერს კობახიძე.
მან, აგრეთვე, გამოაქვეყნა ჯგუფის წევრების სია.
მანამდე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ წინასწარ ჩამოთვალა ის ოლქები, სადაც, მისი ინფორმაციით, დაძაბულობაა მოსალოდნელი. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში პროვოკაციები იგეგმება. კერძოდ, ირაკლი კობახიძე დამკვირვებლებს მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დევი ჭანკოტაძეს, ნიკა მელიასა და დიმიტრი შაშკინს, რომელთაც, მისი თქმით, ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები ჰყავთ მობილიზებული.
„მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და, შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირებისაკენ. ვაფრთხილებთ ყველას, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ამ ეკიპაჟების ფორმით მობილიზებული ადამიანების რაოდენობა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ასეულია.
კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი ნიკა მელია. „ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ, ხვალ გლდანის რაიონი პოლიტიკიდან გაგაცილებს".
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს.