Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ბადრი ესებუას გადაადგილების კადრები 6 ოქტომბერსაა გადაღებული


შინაგან საქმეთა სამინისტრსო განცხადებას ავრცელებს რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ვიდეო და ფოტო მასალის შესახებ, რომელიც ასახავს ზუგდიდში ბანკის ფილიალზე თავდამსხმელის ბადრი ესებუას გადაადგილებას.

შსს-ს თანახმად, ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

„თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის - ბადრი ესებუას ზუგდიდის ქუჩებში თითქოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება ემსახურება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას. პოლიცია, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ზუგდიდში, ბანკის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას მამის, ტარიელ ესებუას თქმით, სამოსი, რომელიც მის შვილს აცვია, რამდენიმე ტელევიზიაში ნაჩვენებ კადრებში, შინ არის დატოვებული და შესასამისად, ქუჩის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები 27 ოქტომბრის ვერ იქნება.

მანამდე ტელეკომპანია „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს ვიდეო და ფოტო მასალა. მათი ინფორმაციით, ჩანაწერები სამართალდამცავი უწყებებიდან წყარომ მიაწოდათ და კადრებში ასახულია ბადრი ესებუას გაადაადგილება ზუგდიდის ტერიტორიაზე.

26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაასახელა ბანკზე სავარაუდო თავდამსხმელი: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა, რომელიც ჯერჯერობით დაკავებული არაა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG