Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: ევროპას, მათ შორის საქართველოს, ნიღბის გამოყენების 95%-მდე გაზრდისკენ მოუწოდებენ


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გლობალური ჯანმრთელობის გაზომვის ინსტიტუტმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, გაიზიარონ სინგაპურის მაგალითი დამცავი ნიღბის სავალდებულო გამოყენების შესახებ.

ამ საერთაშორისო ინსტიტუტის პროგნოზით, თუ მოსახლეობაში ნიღბის მოხმარება 95%-იან მაჩვენებელს მიაღწევს, იანვრის ბოლოსთვის ევროპაში შესაძლებელი იქნება 278 ათასი სიცოცხლის შენარჩუნება.

ამირან გამყრელიძის ცნობითვე, კვლევაში საუბარია საქართველოზეც. დამცავი ნიღბების გამოყენების მაჩვენებელი დაახლოებით 60-64%-ია. გამყრელიძის თქმით, თუ ეს მაჩვენებელი 95%-მდე გაიზრდება, შესამჩნევად შემცირდება ინფიცირებულთა რაოდენობა და სხვა ინდიკატორები.

გლობალური ჯანმრთელობის გაზომვის ინსტიტუტის მონაცემებით, ევროპაში ახალი შემთხვევების რიცხვი, წინა კვირასთან შედარებით, გაიზარდა 1/3-ით და 38%-ით მოიმატა გარდაცვალების დღიურმა მაჩვენებელმა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ ახალ საერთაშორისო კვლევაზე დაყრდნობით თქვა, რომ ბოლო კვირაში კოვიდი გახდა სიკვდილის მესამე მიზეზი გულის იშემიური დაავადებების და ინსულტის შემდეგ და გაუსწრო კიბოს, ალცჰაიმერსა და ფილტვის ობსტრუქციულ დაავადებას.

XS
SM
MD
LG