Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძე: ვინც ამბობს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, ეს ტყუილია 


„მინდა ყველა იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს პრინციპით - „რაც უარესი, მით უკეთესი“, ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილობა კატასტროფულად იზრდება და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრა, რომ ეს ტყუილია", - ამბობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომლის ვრცელ წერილს ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.

მისი თქმით, COVID-პაციენტების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის პირობებშიც კი საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს გარდაცვალების შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

„ნეტავ, რა უხარიათ?! გიორგი კანდელაკი [ინფექციონისტი] ა.წ. 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში წარუმატებლად შეეცადა ნეგატიურად შეეფასებინა ქვეყანაში სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკა და ღონისძიებები (მაშინ მან თავი აარიდა ჩვენთან ამ საკითხზე ტელედებატებს).

ა.წ. 17 და 18 ოქტომბერს ბ-ნმა გიორგიმ და ბ-ნმა რევაზ ბოჭორიშვილმა (რომელიც საფრანგეთში საქმიანობს), გამოაქვეყნეს პოსტები, სადაც დაუფარავი კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ჯანმო-ს საერთაშორისო კვლევა „Solidarity”-ის შუალედური შედეგების მიხედვით, არ დადასტურდა მედიკამენტ რემდესივირის (ისევე, როგორც ამ კვლევაში ჩართული სხვა მედიკამენტების) ეფექტი COVID-19-ის მკურნალობაში და ნიშნის მოგებით და ძალიან ნეგატიურად აფასებენ ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის პროცესს. სრულიად გაუგებარია, რა უხარიათ ან რა აქვთ ნიშნის მოსაგები და სასაყვედურო. საიდან ამდენი ტყუილი, ღვარძლი და ბოღმა. რა, თუ მედიკამენტები, რომლებსაც მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებს არაეფექტიანი ან ნაკლებეფექტიანი გამოდგა, ეს სასიხარულოა და ვინმესთვის კარგია? რატომ ვერ ეგუებიან ისინი, რომ ბოლო პერიოდში COVID-19-ით მკვეთრად გაზრდილი ავადმყოფების რაოდენობის მიუხედავად ქვეყანა მაინც წარმატებით მართავს პროცესებს... მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის პირობებშიც კი საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს გარდაცვალების შემთხვევების ევროპის 49 ქვეყანასა და ამერიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, როგორც პროცენტულად (0,73%), ისე გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობით ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით(48 გარდაცვლილი)“...

როგორც თენგიზ ცერცვაძე წერილში წერს, საქართველო ყველა მაჩვენებლით სჯობს საფრანგეთს. კერძოდ, საფრანგეთში 24 ოქტომბრის მონაცემებით სულ დაფიქსირებულია 1 041 075 შემთხვევა და 34 508 გარდაცვალება(3,31%). მაშინ, როცა საქართველოში დაფიქსირებულია 26 503 შემთხვევა და 193 გარდაცვალება (0,73%). 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საფრანგეთში COVID-19-ის 15 938 შემთხვევაა და 528 გარდაცვალება, მაშინ როდესაც საქართველოში - COVID-19-ის6 648 შემთხვევაა და 48 გარდაცვალება:

„აღსანიშნავია აგრეთვე, რომ საქართველომ ამას სწორედ COVID-19-ის უკეთესი მართვით, მათ შორის უკეთესი კლინიკური მართვით მიაღწია და არა ჩაკეტვებითა და შეზღუდვებით, რამეთუ ეს უკანასკნელი გაზაფხულზეც და მით უმეტეს, ახლა გაცილებით უფრო მკაცრი და მასშტაბური იყო საფრანგეთში, ვიდრე საქართველოში (თუ გინდათ ჩამოგითვლით). ასე, რომ ბ-ნმა რევაზმა უმჯობესია თავის საფრანგეთს მიხედოს. ის მაინც გაიხსენოს რა საშინელებები ხდებოდა საფრანგეთში (და ევროპის სხვა ქვეყნებშიც), თუ რამდენი ხანი ელოდებოდნენ ავადმყოფები (მათ შორის მძიმე ავადმყოფები) ტესტის პასუხებს და ჰოსპიტალიზაციას და რამდენი ავადმყოფი მოუკვდათ ისე, რომ საავადმყოფოში მოხვედრაც არ ეღირსათ, ან როგორ მიჰყავდათ მძიმე ავადმყოფები გადასარჩენად მეზობელ გერმანიაში. საქართველოში ხომ ჯერჯერობით არაფერი მსგავსი არ ხდება“.

თენგიზ ცერცვაძის წერილს ფეისბუკზე გამოეხმაურა რევაზ ბოჭორიშვილი და წერს, რომ გაჩუმებას არ აპირებს:

„საგა გრძელდება. ვინმეს თუ ჰგონია რომ ასე ადვილად გამაჩუმებს, მწარედ სცდება. მაგრამ ამჯერად არ ვაპირებ პასუხს. უბრალოდ კომიკური ხდება ეს ყველაფერი. დიახ, საფრანგეთი ჩემია და საქართველოც ჩემია. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს... მაგრამ მხოლოდ ფორმალურ მხარეში არაა საქმე. და საქართველოზე მარტო გული არ შემტკივა, მით უმეტეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას კარგად ვიცნობ“.

XS
SM
MD
LG