Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამის თქმით, წყარომ ბანკზე თავდამსხმელის და ყალბი მძევლების ვინაობა დაუსახელა


"მთავარი არხი" ასაჯაროებს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას 21 ოქტომბრის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებს 112-ის ოპერატორსა და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან ნინო გიორგობიანთან. ტელეკომპანიის განმარტებით ეს ჩანაწერები ამ დრომდე შეგნებულად არ გაასაჯაროეს.

ნიკა გვარამია სატელეფონი საუბრისას, ჯერ 112-ის ოპერატორს აწვის მისთვის, უცნობი წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელისა და მძევლად აყვანილი ორი პირის შესახებ. წყაროს ინფორმაციით მან ტელეკომპანიის ეთერში გასული კადრებიდან ყალბი მძევლები ამოიცნო.

როგორც სატელევიზიო სიუჟეტიდან ირკვევა, მოგვიანებით, ნიკა გვარამია უკავშირდება შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს და უხსნის, რომ ვინაიდან მის ხელთ არსებული ინფორმაციით, რაც უკვე მიაწოდა 112-ის ოპერატორს სამართალდამცველები არ დაინტერესდნენ, ახლა მას აყენებს საქმის კურსში.

ნიკა გვარამია ნინო გიორგობიანს უყვება, რომ მას უცნობმა წყარომ ბანკში მყოფი თავდამსხმელის ვინაობა და მძევლებს შორის თავდამსხმელის თანამზრახველები ამოიცო. რომლებიც, მისი თქმით, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები არიან. წყაროსვე ინფორმაციით, პირს, რომელმაც ბანკში ადამიანები აიყვანა მძევლად, მოთხოვნილი ვეტმფრენი სვანეთში გადასაფრენად სჭირდებოდა, საიდანაც ის რუსეთში გადავიდოდა სახმელეთო გზით.

ნიკა გვარამია, ფეისბუკ პოსტშიც ასევე ირწმუნება, რომ ბანკზე თავდამსხმელს სინამდვილეში გაცილებით დიდი თანხა გადაუხადეს, ვიდრე მისი მოთხოვნა იყო.

“მძევლები კი არა, სწორედ ეს ფეიკ მძევლები გაიყოლა. წაღებულია 4 მილიონი დოლარი და არა ნახევარი მილიონი. არავითარი კირცხის ტყე, მოგონილი ლოკაციაა, საქართველო დატოვეს მარშრუტით წალენიხა-ჩხოროწყუ-ლებარდე-ტობავარჩხილი-სვანეთი-აფხაზეთი. სავარაუდოდ, იქ ბაჩო არღვლიანი ხვდებათ, ფულს უყოფენ და ის მისცემს გარანტიებს, ყალბ პასპორტებს და უზრუნველყოფს გადაყვანას რუსეთში.”,- წერს ნიკა გვარამია ფეისბუკის გვერდზე.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, მოჰყვა თუ არა უწყების მხრიდან რეაგირება „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ან თუ არის დაგეგმილი კონკრეტული მოქმედებები. უწყებიდან პასუხს ველით.

ამ დრომდე უცნობია ვინაობა და ადგილსამყოფელი შეიარაღებული პირისა, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. თავდასხმა 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

ოფიციალურად ამ დრომდე არ არის დადასტურებული ცნობები, რომ ავთანდილ გალდავამ, რომელიც ბანკში მყოფ მძევლებს ჩაენაცვლა, თავდამსხმელს ფული მიუტანა.

ერთ-ერთი ყოფილი მძევლის, ლაშა შენგელიას ინფორმაციით, ზუგდიდიდან ავტომანქანით წასვლის შემდეგ, ისინი სიბნელეში, მისთვის უცნობ ადგილზე გაათავისუფლეს. ვრცელდებოდა ვერსია, რომ თავდამსხმელი ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას შეეცდებოდა. ამის შესაძლებლობა უარყვეს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ. თუმცა "სოვასთან" საუბარში მან აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე მზადაა დაკავების შემთხვევაში ბანკზე თავდამსხმელი ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს,

„რუსთავი 2“-ის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევლები სავარაუდოდ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა და ამ ტერიტორიიდან მიიმალა.

ბანკზე თავდასხმისას შეიარაღებულ პირს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის ტანსაცმელი ეცვა.

XS
SM
MD
LG