დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან მძიმე პაციენტად ითვლება 381, აპარატულ სუნთქვაზეა მათგან 77. ინფიცირებულთაგან სტაციონარებში მკურნალობს 3 155 პაციენტი, კოვიდ სასტუმროებში 1848, ბინაზე მკურნალობს 8195 ადამიანი. ამირან გამყრელიძის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, სტაციონარებში სამედიცინო სერვისს იღებს ინფიცირებულთა 15-25% და საქართველო ამ რიცხვებით ამ სტანდარტში ჯდება.
"უნდა ველოდოთ, რომ ზრდა იქნება, ეს ტენდენცია არის გლობალური და ჩვენ ამას, საქართველო მარტო ვერ შევაჩერებთ. ამიტომ ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კიდევ კიდევ კარგა ხანს კოვიდთან ერთად, ძალაშია. ხშირად მეკითხებიან, რა არის ეს "კარგა ხანს" და ეს არის მინიმუმ წელიწადნახევარი. უნდა მივეჩვიოთ რომ ამ ხნის განმავლობაში პირბადე გახდება ჩვენი ცხოვრების ისეთივე ატრიბუტი, როგორიც არის ცხვირსახოცი ჯიბეში. ჯერჯერობით ამაზე უკეთესი დამცველობითი მექანიზმი ვერ გამოიგონა მედიცინამ" - თქვა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. ის ამბობს, რომ კლინიკებში ექიმები ახლა უკეთ მართავენ კოვიდ პაციენტებს, ვიდრე ამას გაზაფხულზე აკეთებდნენ, ვინაიდან ცოდნა ვირუსის შესახებ, ახლა მეტია.
საქართველოში 22 ოქტომბრის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 13 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა დადასტურებული. მხოლოდ 22 ოქტომბერს ინფიცირების 1595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.