Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარის ტურბინები საქართველოში შემორჩენილ ფასკუნჯებს ემუქრება


კასპში, კვერნაკის ქედზე, 2 კერძო კომპანია ქარის ტურბინების დაყენებას გეგმავს. ამ ტერიტორიაზე იშვიათი ფრინველების, ფასკუნჯების, ბუდეებია. გარემოს დამცველები განგაშს ტეხენ და ყურაღების მიპყრობას ცდილობენ - მათი აზრით, ეს პროექტი გადაშენების პირას მყოფ სახეობას კიდევ უფრო შეამცირებს.

ფასკუნჯი, რომელსაც ხალხი ძირითადად ზღაპრებიდან იცნობს, სინამდვილეში, ქორისებრთა ოჯახის ლეშიჭამია ფრინველია. მისი გაშლილი ფრთების სიგრძე ხანდახან 2 მეტრსაც კი აღწევს. ფასკუნჯი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. 10-15 წლის წინ საქართველოში ასზე მეტი წყვილი იყო, ახლა კი, ორნიტოლოგების აზრით, 30-40 წყვილიღაა დარჩენილი.

„საბუკოში“ (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის) ამბობენ, რომ კვერნაკის ქედზე, რომელიც უფლისციხის გაყოლებაზეა, ფასკუნჯის რამდენიმე ბუდე მდებარეობს. ფასკუნჯს, ზოგადად, ქვაბული ადგილები მოსწონს, რაც საქართველოში იშვიათობაა. ამ ადგილას გადის ფრინველების საემიგრაციო გზაც.

ფასკუნჯი არსებობს!
please wait

No media source currently available

0:00 0:02:24 0:00

ორი კერძო კომპანია - „ჩალიკ ჯორჯია ვინდი“ და „კავკასიის ქარის კომპანია“ - კვერნაკის ქედზე ქარის ტურბინები დამონტაჟებას გეგმავს. აქვე უნდა აშენდეს ქარის ელექტროსადგური, თავისი ქვესადგურით, და გაიშალოს ელექტროგადამცემი ხაზიც.

„ფრინველთა სიკვდილიანობას ხშირად სწორედ ქარის ენერგიის მწარმოებელი ფერმები იწვევენ. შორიდან შეიძლება ჩანდეს, რომ ტურბინა ნელა ტრიალებს, სინამდვილეში, ძალიან დიდი სიჩქარით ბრუნავს და ფრინველები ეჯახებიან. გარდა ამისა, ხმაურია,მით უფრო მონტანჟის პერიოდში და იქ აღარაფერი დაიბუდებს“, - ამბობს „საბუკოს“ დირექტორი ნათია ჯავახიშვილი.

2 ოქტომბერს Birdlife International-მა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისწერა, რომ ტურბინების დადგმა წითელ წიგნში შეტანილი ფასკუნჯის (Neophron percnopterus) ამ ტერიტორიაზე ბინადრობას ეჭვქვეშ დააყენებს.

თავად „კავკასიის ქარის კომპანიაში“ აცხადებენ, რომ ფასკუნჯის უახლოესი ბუდე ტურბინებიდან 2-3 კმ-ში მდებარეობს. იქ არ გვხვდება ქვეწარმავლები, არ გროვდება ლეში და ნაგავი, რითიც ფასკუნჯები იკვებებიან. მათი კვების არე 2-3 კმ-ით არის დაშორებული და, შესაბამისად, ფრინველი საპროექტო ზონაში იშვიათად თუ შედის. ამასთან, ტურბინის სიმაღლე 180 მ-ს არ აჭარბებს, რაც შეჯახების რისკს ამცირებს, რადგან ფასკუნჯები 200-300 მ-ის სიმაღლეზე დაბლა იშვიათად ეშვებიან.

კასპის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა 2021 წლის პირველი კვარტალიდან იგეგმება - მას შემდეგ, რაც „კავკასიის ქარის კომპანიას“ ექნება ყველა შესაბამისი ნებართვა მშენებლობის დასაწყებად. ტურბინების ექსპლუატაციაში გაშვება 2022 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

ტურბინების მონტაჟის შესაჩერებლად „საბუკომ“ საქალაქო სასამართლოში იჩივლა. „კავკასიის ქარის კომპანიას“ არ ჰქონდა წარმოდგენილი მშენებლობის ადგილის ალტერნატივა. გარემოსდამცველები მიიჩნევენ, რომ ამ პირობებში გარემოს დაცვის სამინისტროს მისთვის სკოპინგის დასკვნა არ უნდა მიეცა, სწორედ ამ ნებართვის გაცემის შემდეგ შეუძლია ორგანიზაციას გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადება დაიწყოს.

„საბუკო“ გარემოს დაცვის სამინისტროსგან სკოპინგის ნებართვის ბათილად ცნობას მოითხოვს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG