31 ოქტომბრის არჩევნებზე შესაძლოა უსინათლოებს ხმის მიცემის პრობლემა შეექმნათ. ე.წ. ჩარჩოები, რომელთა მეშვეობითაც ისინი ბიულეტენში სასურველი კანდიდატის შემოხაზვას ახერხებდნენ, მზად არ არის. ცესკოში აცხადებენ, რომ ტექნიკური პრობლემა კანდიდატების გრძელმა სიამ წარმოქმნა.
ამ დრომდე არ არის მზად ე.წ. ჩარჩოები, სადაც უსინათლომ ბიულეტენი უნდა მოათავსოს და სასურველ კანდიდატს მისცეს ხმა. წინა საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად სია გაცილებით გრძელია და ბიულეტენიც მოუხერხებელი.
„რთულია ბიულეტენის ჩარჩოში მოთავსება, მაგრამ სია რომ გრძელი იქნებოდა, ეს ხომ ადრევე იცოდნენ და მაშინვე უნდა ეზრუნათ პრობლემის გადაწყვეტაზე“, - ამბობს „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელი გია ჯვარშეიშვილი და დასძენს, რომ უსინათლოებისთვის არჩევნებში მონაწილეობა ისედაც უამრავ პრობლემასთან არის დაკავშირებული, რადგან არც საარჩევნო უბანი და არც უბნამდე მისასვლელი გზა ადაპტირებული არაა, ამჯერად კი მათ შესაძლოა კაბინაშიც არ დახვდეთ შესაბამისი პირობები.
ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობას 50 პირი და ორი საარჩევნო ბლოკი იღებს. შესაბამისად, ბიულეტენის ჩარჩოში სუბიექტებს შორის დაშორება სანტიმეტრზე მეტია. ცესკოს ამოცანაა ჩარჩო ისე დაამზადოს, რომ მან, ერთი მხრივ, ბიულეტენი დაიტიოს და, მეორე მხრივ, მეტრს არ მიაღწიოს სიგრძეში. ცესკოს წარმომადგენელი ანა მიქელაძე ამბობს, რომ ამ ამოცანისთვის თავის გასართმევად ცესკო სტამბებთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
„ჯერ რასაც განვიხილავთ, არის ჩარჩო ქართული ბიულეტენისთვის, რომელსაც აქვს 30 ჭრილი და, ასევე, ორენოვანი ბიულეტენებისთვის, რომლებსაც 25 ჭრილი ექნება. უსინათლო ამ ჭრილების საშუალებით უნდა მიხვდეს, რომელ კანდიდატს მისცეს ხმა“, - ამბობს ანა მიქელაძე.
ცესკოში აცხადებენ, რომ როგორც კი სპეციალისტები ჩარჩოს ფორმაზე შეთანხმდებიან, ინფორმაცია მაშინვე მიეწოდება საზოგადოებას.