Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლებული შეტაკებები კითხვის ქვეშ აყენებს მთიან ყარაბაღში ზავის შესაძლებლობას


სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის ახალი შეტაკებები მოხდა მთიანი ყარაბაღის გარშემო, ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს რუსეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 12 ოქტომბერს სომხეთის მხარეს დასდო ბრალი, რომ ის არ იცავს მოსკოვში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარულ შეთანხმებას და განაცხადა, რომ ისინი "რამდენჯერმე შეეცადნენ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე თავდასხმას".

აზერბაიჯანი ახლა "ინტენსიურ სროლას ახორციელებს სამხრეთის ფრონტზე", ამბობს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი, შუშან სტეფანიანი.

10 ოქტომბერს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული შეთანხმება ითვალისწინებდა დაღუპულთა ცხედრების დაბრუნებას.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის ეს ბოლო ტალღა 27 სექტემბერს დაიწყო და ის ყველაზე მასშტაბური გამოდგა მას შემდეგ, რაც მოქმედებს 1994 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმება. დაიღუპა ასობით სამხედრო და სამოქალაქო პირი.

11 ოქტომბერს აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმები განახორციელა ეთნიკური სომხების წინააღმდეგ, რასაც დიდი დანაკარგი მოჰყვა მოწინააღმდეგე მხარეს. მანამდე აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სომხური ძალების რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა ქალაქ განჯაში, აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქში.

სომხეთის მხარე უარყოფს აზერბაიჯანის ამ ორივე ბრალდებას.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზოჰრაბ მნაცაკანიანი 12 ოქტომბერს მოსკოვში ჩავიდა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან მოსალაპარაკებლად. მინსკის ჯგუფი შექმნილ ვითარებაში შუამავლობას ცდილობს და მასში შედიან საფრანგეთი, რუსეთი და აშშ.

XS
SM
MD
LG