Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ დღეში "პატრიოტთა ალიანსმა" 420 ათასი ლარის შემოწირულება მიიღო


​"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ერთ დღეში 7-მა პირმა ჯამში 419 990 ლარით დააფინანსა. შემოწირულება პარტიამ 2 ოქტომბერს მიიღო. პარტიას თანხა შეწირეს გიორგი ცაცანაშვილმა, მალხაზ თოფურიამ, ვაჟა აბაშიძემ, ოთარ გიორგობიანმა, გიორგი ლომიამ, მანანა თავხელიძემ და დავით ტელოიანმა.

პატრიოტთა ალიანსის შემომწირველები
პატრიოტთა ალიანსის შემომწირველები
  • ცაცანაშვილი შპს ჯორჯიენ ინტერფეისის 50-პროცენტიანი წილის მფლობელია;
  • თოფურია არ ფლობს კომპანიებს;
  • აბაშიძე "სრულიად საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს" დირექტორია, რომლის გამგეობის წევრიც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, დავით თარხან-მოურავია;
  • გიორგობიანს რამდენიმე კომპანიაში აქვს წილები, მათ შორის, შპს დომინოში (არა ჰიპერმარკეტი დომინო), შპს იბერია ტრანს ჯგუფსა და ა.შ.
  • გიორგი ლომია პარტიის ერთ-ერთი ლიდერია;
  • მანანა თავხელიძე - რამდენიმე კომპანიის დირექტორია, მათ შორის, შპს სტუდია 21-ის;
  • დავით ტელოიანი - ინდმეწარმე.

"პატრიოტთა ალიანსი" არჩევნებში მონაწილე ათეულობით პარტიას შორის (1 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე) შემოსავლების კუთხით მეხუთე ადგილზეა. მათ შორის, პარტია შემოსავლებით უსწრებს "ევროპულ საქართველოსაც".

პარტიის ფინანსებთან დაკავშირებით კითხვა "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ დაისვა. გამოცემა აგვისტოში წერდა, რომ "პატრიოტთა ალიანსს" მოსკოველ კონსულტანტებთან საუბარი ჰქონდა ორ დასაფინანსებელ პროექტზე: 2020 წლის დასაწყისში 700-ათასდოლარიანზე, ხოლო ოდნავ მოგვიანებით - 8-მილიონდოლარიანზე. პირველი საკონსულტაციო მომსახურებას შეეხება, ხოლო მეორე - წინასაარჩევნო კამპანიის 4-თვიანი ბიუჯეტია, რომელიც, წყაროს თანახმად, თავად "პატრიოტთა ალიანსმა" გადააგზავნა მოსკოვში.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გოჩა თევდორაძე, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მათი პარტიის შემოსავლები გამჭვირვალეა.

"ვერა ვართ შემოწირულობებში ისე, როგორც უნდა ვიყოთ, მაგრამ რაც გვაქვს, ვფიქრობ, იმითაც ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ... [იმდენი შემოსავალი მინდა გვქონდეს, რომ] ვაშაძის პარტიას, "ლელოს", "ოცნების" სარეკლამო ბანერებს რომ ვუყურებ, მაგაზე მეტი შესაძლებლობა გვქონდეს".

XS
SM
MD
LG