ახალი კორონავირუსის გამო, ოთხ თვეზე მეტია, რაც სასამართლო სხდომები ან გადადებულია, ან დისტანციურად ტარდება. ადვოკატები ამბობენ, რომ ინტერნეტით გამართული სასამართლო ნდობას არ იმსახურებს. სხვადასხვა მიზეზებს შორის 2 მთავარი პრობლემაა: შეუძლებელია გაირკვეს, ხდება თუ არა ზეწოლა ჩვენების მიცემის დროს და დარღვეულია თუ არა კონფიდენციალობის პირობა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტ დიმიტრი ნოზაძეს უკვე სამჯერ მოუხდა სასამართლო სხომას ინტერნეტის მეშვეობით დასწრებოდა. ამბობს, რომ ტექნიკური გაუმართაობის გამო პროცესზე ნათქვამიდან ნახევარი ვერც გაიგო.
დისტანციური სასამართლო პროცესის გამართვისას მოსამართლე დარბაზიდან ერთვება, ბრალდებული საპატიმროდან, ადვოკატი სახლიდან ან სამსახურიდან, მოწმე კი, უმეტესად, პროკურატურიდან. ყველაზე ბევრი კითხვა სწორედ მოწმესთან დაკავშირებით ჩნდება.
„შესაძლოა პროკურორი გვერდით ეჯდეს და კარნახობდეს რა თქვას, როგორ უნდა გადაამოწმო?“ - კითხულობს დიმიტრი ნოზაძე. მისივე თქმით, პატიმარსაც გაუჭირდება ზეწოლაზე საუბარი, თუ ის ისევ ციხის კედლებშია და არა სასამართლო დარბაზში.
„როცა შენ სახლში ხარ და პატიმარი პენიტენციურ დაწესებულებაში, ცოცხალი კონტაქტი აღარ ხდება. დარბაზში შეიძლება გადაულაპარაკო, იქვე რაღაცაზე შეთანხმდეთ, მაგალითად, როგორ დასვა კითხვა. ახლა ისეა, თითქოს ტელევიზორში რაღაც გადაცემას უყურებ“.
ადვოკატი ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი პროცესების ონლაინ რეჟიმში გადატანა, მაშინ როცა ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მარტივი შეზღუდვებიც საკმარისი იყო.
„დარბაზში მოსამართლე, ბრალდებული, ადვოკატი... ყველა მაინც ცალ-ცალკე ზის, მათ შორის დისტანცია დიდია. დამსწრეებიდან შესაძლოა მეზობლები და ბიძაშვილ-მამიდაშვილები არ შემოუშვა, მაგრამ შემოუშვა, ვთქვათ, დედა და ცოლი“, - ამბობს დიმიტრი ნოზაძე.
კიდევ ერთი პრობლემა, რომლის წინაშეც სასამართლო სისტემა დადგა, გაურკვეველი ვადით გადადებული პროცესებია. ეს ძირითადად სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს ეხება.
„გადადებულია პროცესები. არავინ ვიცით, რა როდის გაიმართება. წარმოიდგინეთ, ადამიანი ჩივის სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლების თაობაზე. სანამ პროცესი არ გაიმართება და მისი საქმე არ გადაწყდება, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი“, - ამბობს დიმიტრი ნოზაძე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პანდემიის პირობებში სასამართლოების მუშაობის მონიტორინგს ახდენს. ასოციაციის ანალიტიკოსი თამარ ბოჭორიშვილი ამბობს, რომ, ტექნიკური პრობლემების გამო, სხდომები ან დაგვიანებით იწყება, ან საერთოდ ვერ ტარდება. გარდა ამისა, შეუძლებელია დისტანციურად ჩატარდეს მტკიცებულებების გამოკვლევა. ამ დროს ნივთმტკიცება უშუალოდ დარბაზში უნდა გაიხსნას და მხარეებმა ახლოდან დაათვალიერონ.
„დისტანციურად როგორ უნდა გაარკვიო, მაისურზე სისხლის ლაქაა, თუ სხვა რამის, ან იარაღის ნომერი რა არის?“ - კითხულობს თამარ ბოჭორიშვილი.
მისივე თქმით, მთავარ პრობლემად მაინც მოწმის საკითხი რჩება.
„იყო შემთხვევები, როდესაც მოწმეები პოლიციის განყოფილებიდან ჩართეს. ამ დროს რა გარანტია გვაქვს, რომ ის დაწერილ ტექსტს არ კითხულობს? ჩვენი რეკომენდაცია სწორედ ის იყო, რომ მოწმე მაინც დაეკითხათ დარბაზში“.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დისტანციური სასამართლო პროცესების გამართვისას იჩენს თავს, კონფიდენციალურობის დაცვაა. მაგალითად, იმის გამო, რომ დისტანციურ სხდომაში მონაწილე პირები სხვადასხვა კერძო თუ საჯარო სივრცეებიდან ერთვებიაან, შეუძლებელია დახურული სხდომების ჩატარება, რადგან არავინ ამოწმებს, იზოლირებულია თუ არა სხდომის მონაწილე უცხო პირებისგან. გარდა ამისა, ადვოკატებს არ აქვთ გარანტია, რომ ბრალდებულებთან მათი საუბარი კონფიდენციალურია და მას ფარულად თუ შემთხვევით ოთახში მყოფი სხვა პირები არ ისმენენ.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება სასამართლო პროცესები დისტანციურად გამართულიყო საპატიმროებში მყოფი პირების ვირუსისგან დასაცავად მიიღეს, რადგან მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე სწორედ პენიტენციური სამსახურია პასუხისმგებელი. ეს სისტემა იმოქმედებს მანამ, სანამ პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის შეღწევის საფრთხე იარსებებს.